აქტუალური
საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება“ საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად 8 თებერვალს, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს, საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.
„თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილის განცხადებით, 2013 წლის 8 თებერვალს, საქართველოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, „ვადაგასული პრეზიდენტი“ პარლამენტში სიტყვით გამოვა. მისი თქმით, „საქართველოს სირცხვილმა, მუცელზე მფორთხავმა კაცმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად გადმოიტანა პარლამენტში მოსვლის თარიღი 8 თებერვალს, თორემ 6 თებერვალს ჰქონდა დაგეგმილი მოსვლა…“
როგორც შაშიაშვილმა აღნიშნა, „ჩვენ იქ მივდივართ აბსოლუტური მშვიდობიანი განწყობით... 8 თებერვალს სწორედაც რომ მთელი საქართველო უნდა დადგეს პარლამენტის შენობასთან და 8 თებერვალი უნდა იყოს XXI საუკუნის დიდგორი, როცა საქართველოში ქართველმა ხალხმა უწმინდურებაზე საბოლოოდ უნდა გაიმარჯვოს!“