პუბლიკაციები
როგორ გამდიდრდა აშშ

1-analitnew-usaსაქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. 1913 წელს აშშ-ს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი ჰქონდა, ხოლო ჩრდილოამერიკული სახელმწიფოს ინვესტიციები სხვა, ძირითადად, ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკაში ნაკლები იყო, ვიდრე საგარეო სახელმწიფო ვალი. 1913 წლის ბოლოს საზღვარგარეთ განთავსებული იყო ჩრდილოამერიკული კაპიტალი 2.065 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო თავად შტატებს 5 მილიარდი დოლარი ვალი ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ მაშინდელი - 1873 წლის ნიმუშის დოლარები რეალური ფულადი ერთეული იყო, თითო დოლარი 1,50463 გრამ სუფთა ოქროს უდრიდა. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად სურათი რადიკალურად შეიცვალა. აშშ მოვალე სახელმწიფოდან წამყვანი მსოფლიო დერჟავების კრედიტორად გადაიქცა.

პირველმა მსოფლიო ომმა მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, დამანგრეველი გრიგალივით გადაუარა საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის და რუსეთის ტერიტორიებს, და ამერიკის მთავრობას ნამდვილ ციურ მანანად მოევლინა. 1914 წლის 1 აგვისტოდან 1917 წლის 1 იანვრის ჩათვლით აშშ-მ ომში ჩართულ სახელმწიფოებს 1.9 მლრდ დოლარის კრედიტი მისცა. უკვე 1915 წლის აპრილში მორგანის ფინანსური იმპერიის ერთ-ერთმა მფლობელმა თომას ლამონტმა პრესის წარმომადგენელთა წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ რაც შეიძლება მეტად უნდა დაეხმაროს ევროპელ მოკავშირეებს, რადგან ეს ამერიკელების მიერ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წინაშე მათი ვალის გამოსყიდვას გამოიწვევს. ევროპული ქვეყნებისკენ სესხის კიდევ უფრო დიდი ნაკადი დაიძრა, როდესაც აშშ თვითონაც ჩაება ომში. პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე კრედიტების საერთო მოცულობამ 10 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. დაახლოებით 7 მილიარდი იარაღის, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის შეძენაზე დაიხარჯა. ამასთან, ამ ყველაფერს თავად აშშ-ში ყიდულობდნენ. ფული შტატებში დარჩა და მის ეკონომიკას სტიმული მისცა. გასაგებია, რომ უზარმაზარი მოგება მიიღეს ფინანსურმა მაგნატებმა და მეწარმეებმა. პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი შედეგი იყო შეერთებული შტატების უმსხვილესი მსოფლიო მოვალისგან უმსხვილეს კრედიტორად გადაქცევა. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კი, პირიქით, მსოფლიოში უმსხვილესი კრედიტორებიდან მოვალეებად იქცნენ.

საფრანგეთის შემთხვევაში ამ ქვეყნის მსხვილ მოვალედ გადაქცევას ხელი შეუწყო იმან, რომ მის ტერიტორიაზე გაჭიანურებული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, მილიონობით მუშახელი სახალხო მეურნეობას მოწყვეტილი იყო და ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონები, სადაც მძიმე მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თავმოყრილი, გერმანიას ჰქონდა ოკუპირებული. საფრანგეთის ოქროს მარაგი ომის დაწყებამდე 845 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და პირველი მსოფლიო ომის პირველსავე თვეებში დაიხარჯა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავიანთ ბრიტანელ პარტნიორებთან არაოფიციალურ საუბარში ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწეები მთელი ომის განმავლობაში და ომის შემდგომ პირველ ხანებში ირწმუნებოდნენ, რომ ომის დამთავრების შემდეგ აშშ ვალების ნაწილს ჩამოწერდა, ნაწილს კი დამარცხებულ ქვეყნებს დააწერდა. მოვალე ქვეყნების გადახდის გრაფიკი, სავარაუდოდ, მათ მიერ დამარცხებული სახელმწიფოებისგან სარეპარაციო ვალების მიღების გრაფიკთან უნდა მიბმულიყო. მოვალე ქვეყნებისთვის სიტუაცია მხოლოდ 1920 წლის მარტში გაირკვა, როდესაც ბრიტანელი ფინანსთა მინისტრის გზავნილის პასუხად ამერიკის ფინანსურმა უწყებამ განაცხადა, რომ შტატებს არ აღელვებს გერმანიის მხრიდან გადახდის დაყოვნება, ინგლისმა აშშ-ს დროულად უნდა გადაუხადოს. 1920 წლის 3 ნოემბრის წერილში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ ჯორჯი ამერიკის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონს სთხოვდა, გადახდის პირობებისთვის გადაეხედა. თუმცა ამერიკის პრეზიდენტის პასუხი დაახლოებით იმავე სულისკვეთებისა იყო, როგორიც ფინანსური უწყების შეტყობინება. საბოლოოდ სამხედრო ვალების საკითხი გენუის კონფერენციაზე გაიტანეს. იქ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დიდი ბრიტანეთი თავის ვალს, 4 მილიარდ 600 მილიონ დოლარს, აშშ-ს 62 წლის განმავლობაში გადაუხდიდა. ამასთან, 1932 წლამდე ბრიტანელებს წლიური 3% უნდა ეხადათ, ხოლო 1933 წლიდან გადახდის ბოლომდე - 3,5%. შედეგად პროცენტის თანხამ ვალის თანხას გადააჭარბა. ინგლისს 11 მლრდ 105 მლნ დოლარი უნდა გადაეხადა. და ეს მაშინ, როდესაც გერმანიის რეპარაციების მეტ წილს - 54,4%-ს საფრანგეთი იღებდა, ინგლისი კი - 23%-ს.

ბერლინი ვალდებული იყო,  გამარჯვებული ქვეყნებისათვის ყოველწლიურად 650 მილიონი დოლარი გადაეხადა. აქედან 149 მლნ 760 ათასი ინგლისს ეკუთვნოდა. 1933 წლამდე ლონდონს ამერიკელებისათვის ყოველწლიურად  138 მილიონი დოლარი უნდა გადაეცა. ამგვარად, გერმანიის პრაქტიკულად ყველა რეპარაციას, რომელიც ინგლისს ეკუთვნოდა, აშშ ნთქავდა. თუმცა უკვე 1923 წელს გერმანიამ ვერცერთი მარკა ვერ გადაიხადა. ამის პასუხად საფრანგეთმა რურის ოკუპაცია მოახდინა. ბრიტანელებმა ლონდონის კონფერენცია მოიწვიეს, რომელზეც 1924 წლის აგვისტოში  გერმანიისათვის ახალი რეპარაციული გეგმა დამტკიცდა. ეს გეგმა ექსპერტთა საერთაშორისო კომიტეტმა შეიმუშავა ამერიკელი ბანკირის, ჩარლზ გეით დაუესის, თავმჯდომარეობით.

გეგმა აშშ-ის ზეწოლით მიიღეს. გერმანიის ეკონომიკის მექანიზმის გასაშვებად დაუესის გეგმის მიხედვით ბერლინი არა მხოლოდ რეპარაციას იხდიდა, ის, ამავე დროს, საერთაშორისო სესხსაც იღებდა. თავდაპირველად გერმანიას 200 მილიონი დოლარის სესხი მისცეს (აქედან 110 მილიონი ამერიკულმა ბანკებმა გამოყვეს) მარკის სტაბილიზაციისათვის. 1929 წლამდე გერმანიაში 21 მილიარდი მარკის კრედიტები შევიდა, ძირითადად, აშშ-დან. ამიტომ დაუესის გეგმის რეალიზაციის პირველი წლისათვის ბერლინს დამოუკიდებლად მხოლოდ 100 მილიონი ოქროს მარკის გადახდა მოუხდა. დაუესის გეგმით დადგენილი იყო, რომ 1924 წელს გერმანელები 1 მილიარდი ოქროს მარკის რეპარაციას გადაიხდიდნენ (რაც მაშინ დაახლოებით 238 მილიონ დოლარს შეადგენდა). პირველი წლების განმავლობაში თანხა 1,75 მილიარდ ოქროს მარკამდე გაიზრდებოდა და 1928 წელს 2,5 მილიარდი მარკისათვის უნდა მიეღწია. ამგვარად, გერმანიის ყოველწლიური გადასახადები საგრძნობლად მცირდებოდა, შტატებისათვის ყოველწლიური გადასახადების დიდი ნაწილის გადახდა ინგლისელებს თავისი ჯიბიდან უწევდათ. ამასთან, ბერლინი ამ თანხებსაც არარეგულარულად იხდიდა, ხოლო 1930-იანი წლების დამდეგიდან საერთოდ შეწყვიტა გადახდა.

1929-30 წლების რეპარაციების საკითხისადმი მიძღვნილ ჰააგის კონფერენციაზე მიღებულ იქნა გერმანიის რეპარაციული გადასახადების მეორე (იუნგის) გეგმა. აშშ ოფიციალურად არ მონაწილეობდა კონფერენციის მუშაობაში, მაგრამ, ფაქტობრივად, იუნგის გეგმის ინიციატორი გახდა. გეგმა ფინანსური ექსპერტების ჯგუფმა მოამზადა ამერიკელი ოუენ იუნგის ხელმძღვანელობით და ის  გერმანიის კერძო, პირველ რიგში, ამერიკელი კრედიტორების ინტერესებს ასახავდა. აშშ-მ ზეწოლა მოახდინა კონფერენციის მონაწილეებზე, რათა ეს გეგმა მიღებული ყოფილიყო. იუნგის გეგმა ითვალისწინებდა წლიური გადასახადების რამდენადმე შემცირებას - საშუალოდ, 2 მილიარდ მარკამდე, აუქმებდა რეპარაციულ ბეგარას მრეწველობაზე და ამცირებდა ტრანსპორტის დაბეგვრას, სპობდა უცხოურ მაკონტროლებელ ორგანოებს. ის ითვალისწინებდა გერმანიის საერთო გადასახდელი თანხის შემცირებასაც 113,9 მილიარდ დოლარამდე დაფარვის ვადით 37 წლის განმავლობაში (მომავალში პირობების გადახედვის შესაძლებლობით). თუმცა ეს გეგმა მხოლოდ 1 წელს მოქმედებდა. 1931 წელს რაიხსკანცლერმა ჰენრიხ ბრიუნინგმა მოახერხა რეპარაციულ გადასახადებზე მორატორიუმის შემოღება და გერმანელები აღარაფერს იხდიდნენ. კიდევ ერთი დარტყმა დიდი ბრიტანეთის ფინანსებს სსრკ-მ  მიაყენა, რომელმაც უარი განაცხადა, ეღიარებინა მეფის რუსეთისა და დროებითი მთავრობის ვალები - 13,2 მილიარდი ოქროს მანეთი (კოლჩაკის, ვრანგელის, მილერის და რუსეთის სხვა „მთავრობების“ ვალების ჩათვლით - სულ 18,5 მილიარდი ოქროს მანეთი). პირველი მსოფლიო ომის შედეგად მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები - ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია შეერთებული შტატების მოვალეები გახდნენ.

კიდევ უფრო იხეირა აშშ-მ მეორე მსოფლიო ომით. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, 16 სექტემბერს პოლონეთის მთავრობა და უმაღლესი სარდლობა რუმინეთში გაიქცა. მათთან ერთად პოლონეთიდან გატანილ იქნა ქვეყნის ოქროს მარაგი. მალე ის რუმინეთიდან საფრანგეთში მოხვდა. იქვე აღმოჩნდა დამარცხებული ბელგიის ოქროც. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ პოლონეთის, ბელგიის, ნაწილობრივ ნიდერლანდების ოქრო და, რაც მთავარია, საფრანგეთის ეროვნული ბანკის ოქროს მარაგი, რომელიც 1940 წლის მაისის ბოლოსთვის 2 მილიარდ 477 მილიონ დოლარს შეადგენდა, საფრანგეთის აფრიკაში გაიტანეს. 1942 წლის ნოემბერში დაკარაში ამერიკელები გადასხდნენ, 1943 წელს ოქრო აშშ-ში გადაიტანეს და ფორტ-ნოქსის საცავში მოათავსეს. უფრო ადრე ამერიკელებმა ნორვეგიული ოქრო გაზიდეს. თუმცა ის არც ისე ბევრი აღმოჩნდა – გერმანული ოკუპაციის წინ ქვეყანაში 84 მილიონი დოლარის ოქრო იყო.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ოქრო, ვერცხლი და სხვადასხვა ძვირფასეულობა ევროპიდან თითქოს თავისით მიედინებოდა შეერთებულ შტატებში. მათ მფლობელებს, კერძო პირებს, თავიანთი დანაზოგი უსაფრთხო ადგილას - აშშ-ში გადაჰქონდათ, რადგან ევროპაში ომი ბობოქრობდა. მაგალითად, თუკი 1939 წლის ოქტომბერში აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში ინახებოდა 17 მილიარდი დოლარის ოქრო, 1940 წლის თებერვლისთვის ეს თანხა მთელი მილიარდით გაიზარდა (მაშინდელი დოლარი დაახლოებით 25-26 თანამედროვე დოლარს უდრიდა). ევროპაში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად აშშ-ში ოქროს შედინება კიდევ უფრო გაიზარდა. მხოლოდ 1940 წლის 10-14 მაისს შტატებში 46 მილიონი დოლარის ოქრო შევიდა. როცა აშკარა გახდა, რომ საფრანგეთი განწირულია, ნაკადმა უფრო მოიმატა - 3-4 ივნისს შეერთებულ შტატებში 500 მილიონი დოლარის ოქრო შევიდა.

აუცილებელია, გავითვალისწინოთ, აგრეთვე, რომ ამერიკულმა ფირმებმა მესამე რაიხის დაფინანსებით იშოვეს ფული. ომის დროს აშშ მოკავშირეებისთვის შეიარაღების და საბრძოლო მასალის მიწოდებით მდიდრდებოდა. როდესაც ომი დამთავრდა, აშშ ომისგან დანგრეულ ევროპულ ქვეყნებს უკვე სესხს აძლევდა. ამ სესხით ევროპელები ამერიკულ საქონელს ყიდულობდნენ. აშშ-ის ეკონომიკა იზრდებოდა, ფული ბრუნდებოდა და უმცროს პარტნიორებს ეძლეოდა. 1945 წლის 6 დეკემბერს აშშ-სა და ინგლისს შორის ხელი მოეწერა საკრედიტო შეთანხმებას, რომელიც 1946 წლის 15 ივლისს შევიდა ძალაში. მის მიხედვით ბრიტანელებმა 3 მილიარდ 750 მილიონი დოლარი მიიღეს. ამ შეთანხმების მე-6 მუხლი ინგლისს უკრძალავდა 1951 წლამდე სხვა ქვეყნებისგან კრედიტების აღებას და სხვა კრედიტების დასაფარავად მათ გამოყენებას. მე-9 მუხლი კრძალავდა ამ სესხის გამოყენებას არაამერიკული საქონლის შესაძენად. ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე აშშ-მ თავის საქონელზე ფასები ასწია. ინგლისმა ფასების ზრდის გამო კრედიტის თანხის 28%-მდე დაკარგა. თანხის ნაწილი დოლარების გირვანქებზე გადაცვლის გამო დაიკარგა (6%-ზე მეტი).

1947 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა წამოაყენა „ევროპის აღდგენის პროგრამა“ (მარშალის გეგმა). გეგმა 1948 წელს ამოქმედდა და 17 ევროპული სახელმწიფო მოიცვა. ფაქტობრივად, აშშ-მ ისინი თავისი ფინანსურ-ეკონომიკური კონტროლის ქვეშ მოაქცია.

ამგვარად, აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა გახდა, გაძარცვა, გაქურდა და დაიმონა რა მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ამისათვის ამერიკულმა საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებმა ძალზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს პირველი და მეორე მსოფლიო ომების მომზადებასა და გაჩაღებაში. ორმა მსოფლიო ომმა აშშ-ს საშუალება მისცა, პლანეტაზე ფინანსური კონტროლი დაემყარებინა.

ალექსანდრე სამსონოვი

„ვოენოე ობოზრენიე“