სამართალი
საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.
გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, „თბილსერვის ჯგუფის“ საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროს ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.
გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს.
თბილისის მერი გიგი უგულავა ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, სატელევიზიო კომენტარს განცხადებით ეხმიანება და აცხადებს, რომ „იგი თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას, დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე იყო“. განცხადების თანახმად, „კბილაშვილმა ივანიშვილის დავალებით გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ ინსტრუმენტად აქცია“.