საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. მასთან ერთად ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე იმყოფება.
1 თებერვალს საქართველოს დელეგაცია ლევან დოლიძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო სამხედრო შტაბის თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების განყოფილების დირექტორთან, გენერალ-მაიორ კარლოს ბრანკოს შეხვდებიან. ამავე დღეს დელეგაციის წევრები დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შეფასებაშიც მიიღებენ მონაწილეობას. ცნობისათვის: საქართველო ამ პროცესში 1999 წლიდან მონაწილეობს. ალიანსთან პარტნიორობის მექანიზმი პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ხდება პარტნიორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების, ასევე მართვის სისტემების ნატოს ძალებთან თავსებადობის მიღწევა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში 2 თებერვალს დასრულდება.