უცხოეთი
საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ახალახან პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივ ინა გუდავაძეს ფინანსური პრობლემები დაეწყო.
თუმცა, ქალბატონ გუდავაძის გარემოცვაში აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატარკაციშვილის მილიარდების მემკვიდრეს „უანგაროდ“ დაეხმაროს. ეს მავანი ირაკლი რუხაძეა, რომელსაც აქამდე Salford-ის ქართული განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ეკავა. პატარკაციშვილის სიცოცხლეში რუხაძე მისი კონფიდენციალური დავალებების შემსრულებლად მიიჩნეოდა; იმდენად კონფიდენციალურისა, რომ ზოგი ექსპერტი რუხაძის სახელს რუსეთსა და უკრაინაში რიგ ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირებს. მათ შორის, ჟურნალისტ პოლ ხლებნიკოვისა და ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასაც.
ბოლო წლებში რუხაძემ არა მარტო სრულებით მოხიბლა ქვრივი, არამედ მასზე დიდი გავლენაც მოიპოვა ფინანსურ საკითხებში. და სწორედ ახალი მეგობრის რჩევების წყალობით, გუდავაძემ უამრავი შეცდომა დაუშვა და საფრთხის ქვეშ დააყენა მილიარდიანი ქონება.