საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნებას აპირებს. მამალაძის თქმით, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში არ ჩაერთვება. ამასთან, წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
„გამოჩნდა შანსი, რომ სიმართლეს მივაღწიო და იმ ზეწოლის ქვეშიდან გამოვიდე, რომელიც სააკაშვილის მთავრობისგან მოდიოდა. ადრე ასეთი შესაძლებლობა არ იყო. სააკაშვილის დავალებით პროკურატურამ აიღო ჩემი დეკლარაცია და რაც იქ მეწერა, ქრთამად ჩათვალა. ანუ, მათი აზრით, მე ვიყავი უქონელი და არაფერი უნდა მქონოდა. არცერთი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია. მე ვიდევნებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი“, – განაცხადა ლევან მამალაძემ.
ლევან მამალაძის ინტერესებს ადვოკატი ლალი აფციაური იცავს. მისი თქმით, შესაბამისი განცხადება მამალაძის საქმის გადასინჯვის შესახებ პროკურატურაში უკვე შეტანილია.