საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დააკავეს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორად მუშაობის პერიოდში უკანონოდ მონაწილეობდა შპს „ნიუ ენერჯის“ საქმიანობაში. კერძოდ, მფარველობას უწევდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ ის უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს.
2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე შპს „ნიუ ენერჯიმ“ ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, სოფელ დიღომში, ცეზარ ჩოჩელის მეუღლე სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.