სამართალი
ბანკი „ქართუს“ გენდირექტორი პრეზიდენტის 3 განკარგულებას ასაჩივრებს

1-qartu-samarta2საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბანკი „ქართუს“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის სარჩელის განხილვა 7 თებერვლისთვის გადაიდო.

ნოდარ ჯავახიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოტანილ 2012 წლის სამ  განკარგულებას ასაჩივრებს, რომელთა მიხედვით, ქონება, რომელიც თავის დროზე ბანკის  უზრუნველყოფის საშუალებებს წარმოადგენდა,  მიზერულ თანხად  – 1 ლარად – პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გადაეცათ.

„ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილის თქმით, ამ განკარგულებებით თავად ბანკის ინტერესები შეილახა. საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და საქმეში ეკონომიკის სამინისტროსა და იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირების ჩართვა მოითხოვა, რომლებსაც განკარგულების მიხედვით ქონება გადაეცათ. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჯავახიშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, იმ ადამიანების ჩართვა საჭიროებას არ წარმოადგენდა და ეს გასაჩივრების პროცესს გააჭიანურებს.

„ქართუს“ მხარე თავისი პოზიციის დაფიქსირებას 7 თებერვალს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპირებს და გააგრძელებს კანონიერი ინტერესების დაცვას.