რელიგია
პუტინი ილია მეორესა და მიშელ სულეიმანს შეხვდება

1-patriarq-Sexvedraსაქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. დღეს, 23 იანვარს, რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და ლიბანის პრეზიდენტ მიშელ სულეიმანს შეხვდება.

პატრიარქ ილია მეორეს ამჟამინდელი ვიზიტი მოსკოვში მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის ფონდის პრემიის მისაღებად რუსეთ-საქართველოს პირველი უმაღლესი დონის შეხვედრაა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ, რომელმაც კურსი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ აიღო. მოსკოვში ვიზიტისას პატრიარქი ილია მეორე უკვე შეხვდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს და მასთან ერთად ღვთისმსახურება აღავლინა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო მოღვაწეობის 35 წლისთავსა და დაბადების 80 წლის იუბილეს აღნიშნავდა. პუტინმა მას მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი სულიერი, კულტურული და ჰუმანიტარული დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საიმედო საფუძველი გახდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის წამოწევას გეგმავს.

„ჩვენი მსჯელობის მთავარი თემა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იქნება. მიმაჩნია, რომ ეს უმთვარესი საკითხებია“, – განაცხადა პატრიარქმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება სხვა თემებზეც, მათ შორის, სავიზო რეჟიმისა და ვაჭრობის საკითხებზეც. ეს „წინასწარი საუბარია“, რაც, ილია მეორეს თქმით, უფრო სერიოზული განსჯის საგნად შეიძლება იქცეს რფ-ის პრეზიდენტთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრაზე.