აქტუალური
საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა , რომ „საქართველო დგას სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშე“ და ჟურნალისტებს განსხვავებულ ფორმატში წარუდგინა კონკრეტული ციფრები და მონაცემები.
მერაბიშვილის განცხადებით, საგანგაშო ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემები „ნაციონალური მოძრაობის“ ექსპერტებმა სხვადასხვა წყაროდან შეაგროვეს. ამასთან, მერაბიშვილი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს საგანგებო ზომები, რათა „ეს კრიზისი, რომელიც უკვე დაწყებულია, არ გაღრმავდეს და საქართველო არ დადგეს სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე“.
„ნაცმოძრაობის“ გენმდივნის განცხადებით, დღევანდელ მთავრობას საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთიანი მკაფიო გეგმა არ აქვს – დღეს ქართველმა ბიზნესმენმა, მეწარმემ, ფერმერმა არ იცის, რა არის საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტები, საით, რა მიმართულებით განვითარდება ხვალ ქვეყანა. მისი თქმით, „საქართველოსნაირ ქვეყანაში აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურისა და სხვა პროექტების განხორციელება, რათა სახელმწიფო ინვესტიციების შემდეგ იქ მივიდეს კერძო ბიზნესი“. მან ყურადღება გაამახვილა შემოსავლებთან დაკავშირებით აღდგენილ მავნე პრაქტიკაზეც, რომ ადგილი აქვს მეწარმეთაგან წინასწარ გადახდებს. მისი თქმით, მსგავსმა ფაქტებმა თუ სისტემატური ხასიათი მიიღო, ეს დამღუპველი იქნება ეკონომიკისათვის.