საზოგადოება
„ფრიდომ ჰაუსმა“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა
1-freedom-sazog3საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს – 220 მილიონ ადამიანს – ცხოვრება ავტორიტარული მთავრობის პირობებში უწევს. თუმცა, „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, ბალტიის ქვეყნების გარდა, ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინა და საქართველო, სადაც არ არსებობს არც ავტორიტარული და არც ნახევრად ავტორიტარული მთავრობა. „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელ ქრისტოფერ უოკერის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთში, ე.წ. პუტინ-მედვედევის ეპოქაში.
„ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში, სახელწოდებით „გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები“, ევროპისა და ევრაზიის 29 ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში ჩატარებული ყოველწლიური კვლევის მონაცემებს ასახავს. ანგარიშის თანახმად, ამ სივრცეზე შეიმჩნევა გაუარესება ყველა პარამეტრის მიხედვით: დემოკრატიის უკუსვლა, ადგილობრივი და ცენტრალური მართვის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საარჩევნო პროცესის რეგრესი, ხელმისაწვდომი და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა და ძლიერი კორუფცია.