პუბლიკაციები
ღია წერილი ქსელის ვირთხებს

1-analitikaNEW-nanaმას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მედიის განვითარებაზე ზრუნვისთვის მოიცალა, ერთი მეორის მიყოლებით ჩნდება ინტერნეტსივრცეში ახალი, ინოვაციური პროექტები. რა ქნან, 800 ათასს ათვისება ხომ უნდა! ერთი ასეთი, ჭეშმარიტად „ნაციონალური“ სულისკვეთების სახელით გასკდა ფეისბუქზე საქართველოს სახელმწიფოს მტრები. ვითომ საქართველოს მტრები ან სახელმწიფოს მტრები ნაკლები უბედურება იყოს, აქ ორივე ერთად მოაქუჩეს – საქართველოც და სახელმწიფოც! ეს არც არის გასაკვირი; მათ საქართველო მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა უჭირთ, ახლა კი, 1 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც გაუჭირდათ.

თუ ადრე სხვადასხვა საბიუჯეტო დაწესებულებიდან იღებდნენ ხელფასს სოციალური ქსელების დაბინძურებაში (ამბობენ, რომ უშიშროების საბჭოს გასაიდუმლოებული მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან კარგა გვარიანი ნაწილი სწორედ ქსელის ვირთხების მოღვაწეობაზე იხარჯებოდა), ახლა ზოგი დაითხოვეს ამ ფიქტიური სამსახურებიდან, ზოგი კი ქსელში სამუშაოდ გადააფორმატეს და ისინიც „პოლიტიკურ დევნაზე“ აყვირდნენ. თუმცა პოლიტიკური დევნა ხომ მათი მოგონილია და ისინი ისევ ისე აგრძელებენ იარლიყების მიწებებას, როგორც მაშინ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ გათქვეფილნი.

მე მათ ქსელის „კოორდინატორებს“ ვუწოდებდი, რადგან ისინი ისეთივე მენტალიტეტისა და გაქანების არსებები არიან, როგორც „ნაციონალთა“ უბნის კოორდინატორები, ოღონდ მათი „უბანი“ ინტერნეტია. იგესლებიან, მტრებისა და მოღალატეების ძიებაში არიან, რადგან არჩევნებში მარცხს ხალხის ღალატს აბრალებენ და არა საკუთარ დანაშაულებს. პატივი მერგო, „საქართველოს სახელმწიფოს მტრების“ სიაში მეც მოვხვედრილიყავი. სიმბოლურია, მაგრამ სწორედ ის ფოტო  დაუდიათ, რომელიც სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის დროშის ფონზეა გადაღებული.

ამ მოძრაობის წევრები ქსელის „კოორდინატორების“ უფროსებმა რამდენიმე წლით  ციხეში მხოლოდ იმიტომ გამოკეტეს, რომ ისინი მართლმადიდებლობას იცავდნენ. მათი უდანაშაულობა იმთავითვე ცნობილი იყო – ამაზე ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელებმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს, მაგრამ მართლმადიდებლებს მაინც ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ ამას პოლიტიკური დევნა კი არა, „კანონის უზენაესობა“ ერქვა. ამ „უზენაესობის“ წყალობით სანდრო გირგვლიანის მკვლელების კამერა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერს დაამსგავსეს, ხოლო სამ წელიწადში დამნაშავეები საერთოდაც გაათავისუფლეს.

ისევ ფეისბუქს მივუბრუნდეთ; ყველამ კარგად იცის, რომ სოციალურ ქსელებში არ ვარ, მეტისმეტად დიდი დრო მიაქვს ამ ვირტუალურ ურთიერთობებს, რომელიც ცოცხალ კონტაქტს უნდა მოაკლო. ამ ქსელის „კოორდინატორებმა“ კი (როგორც ჩანს, დაფინანსების შემცირების გამო) საქმე მიაფუჩეჩეს და საზოგადოებას რამდენიმე წლის წინანდელი სულელური ჭორი შეასაღეს: ნანა დევდარიანი ცნობილი შევარდნაძისდროინდელი პუტჩისტი, რომელიც რუსული აგენტურის წევრია და ფორუმ.ჯი-ზე ცნობილია ნიკით tserovanis meri. ამ „წეროვანის მერის“ საკითხი ორი წლის წინ ამოიწურა, მაგრამ, როცა ფული შემოგაკლდება, ძველ ჭორებსაც ამოიღებ, რომ პატრონს მჩქეფარე მოღვაწეობის ილუზია შეუქმნა.

პუტჩისტობაზე აღარ შევჩერდები, რადგან ამ საქმით სწორედ ის ადამიანები იყვნენ დაკავებულნი, რომლებიც დღეს გამსახურდიას უპრინციპო მომხრეების გვერდით არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოკალათებულნი, „შევარდნაძისდროინდელი“ სააკაშვილი მოიკითხონ თბილად (მას დაჰყვებოდა არჩევნებზე სააგიტაციოდ შევარდნაძე და არა მე!), ხოლო სოციალურ ქსელებს და ფორუმებს რაც შეეხება, ჩემი იქ არყოფნით, როგორც ჩანს, მეტისმეტად კომფორტული მდგომარეობა შევუქმენი ქსელის ვირთხებს და ამ დანაკლისს, ნამდვილად ვპირდები, უახლოეს მომავალში შევუვსებ.

უვიცების ამ მეხუთე კოლონას ჰგონია, რომ კომპიუტერის კლავიატურაზე დაკაკუნება დიდი მეცნიერებაა, ხოლო უწმაწური ლექსიკით ვინმეს ლანძღვამათი კეთილშობილების უტყუარი საბუთი. სამაგიეროდ, არ იციან, რომ, ხმამაღალი სახელების მიუხედავად, მათი ვინაობის დადგენა არც ისე რთულია.

ხელისუფლებიდან მათი პატრონების გამობუნძულებით მოგვრილ კაეშანს ისინი ქსელში ცელქობით იქარვებენ, მაგრამ ამ ონავრობაში ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომლებიც მათივე სისხლისსამართლებრივი დევნის პირდაპირ საფუძველს წარმოადგენს.

შორს რომ არ წავიდეთ, ფეისბუქის იმავე გვერდზე გამოქვეყნებულ თვითაღიარებას ჩავხედოთ: „ამ იატაკქვეშა სტამბაში რუსეთუმეები ფსბ-ს დავალებით ბეჭდავდნენ ანტისახელმწიფოებრივ პროკლამაციებს, ნაციონალური ურთიერთშუღლის გაღვივების ლიტერატურას და ეწეოდნენ ფარულ აგიტაცია/პროპაგანდას, რათა პრორუსული გავლენა მოეხდინათ მოსახლეობაზე. ჩვენმა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს ეს იატაკქვეშა სტამბა და დედაბუდიანად გაანადგურეს! ამ სტამბის გამხსნელია მოღალატე ტარიელ გაგნიძე, რომელიც რუსებზე მუშაობს დიდი ხანია და მას აბარია ე.წ. ფსბ-ს „ისტორიჩესკოე ნასლედიეს“ პროექტი“.

დანაშაული, რომელიც უკვე ოთხი წელია, გაუხსნელია, ქსელის კოორდინატორების აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ქართული სპეცსამსახურების ჩადენილი ყოფილა! მთავარ პროკურორს შევახსენებ, რომ დანაშაულის ნიშნების შემცველი პუბლიკაციის კვალდაკვალ პროკურატურა უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ამ აღიარებითი ჩვენების ავტორის დადგენა კი სრულიად უპრობლემოდ შეიძლება. ქსელის ვირთხებო! ნუ ეცემით ახლა Delete- ღილაკს ინფორმაციის გასაქრობად; თქვენი ნაცოდვილარი და IP-მისამართები საიმედოდ არის დაარქივებული!

შეგახსენებთ: გაზეთ საქართველო და მსოფლიოს რედაქცია 2009 წელს 9 თვის განმავლობაში ორჯერ დაარბიეს, მოიპარეს კომპიუტერები, ორგტექნიკა და, რაც მთავარია, ისტორიული მემკვიდრეობის მიერ გამოცემული წიგნის – „უუფლებობის ზონა მთელი ტირაჟი. ამ წიგნში თავმოყრილი იყო ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ დროისთვის არსებული ფაქტები და მისი გავრცელება ქართულ და ინგლისურ ენაზე სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ყელის გამოჭრა იქნებოდა. ერთადერთი, რაც უუფლებობის ზონაში არ მოხვდა, ცოცხებისა და ყველაზე ჰუმანური ნაციონალური ციხის ეპიზოდები იყო, რამაც, საბოლოო ჯამში, გადაიყოლა კიდეც სააკაშვილის რეჟიმი.

ისინი კი არ ცხრებიან. «პოლიტიკურ დევნაზე» გაჰყვირიან პოლიტიკური დევნის ოსტატები და აპოლოგეტები. «საქართველოს სახელმწიფოს მტრების» სიებს აქვეყნებენ. ეს სია უკვე იმდენად ვრცელია, რომ მისმა შემდგენლებმა, წესით, საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: თუ ამდენი მტერი გყავს, შენ თვითონ რაღას წარმოადგენ?

ისინი ხომ სახელმწიფოსთან მხოლოდ საკუთარ თავს აიგივებენ!

დათა თუთაშხია გრაფ სეგედისთან საუბრისას, როდესაც მის შემორიგებაზე მსჯელობენ, კითხვაზე, არის თუ არ იგი საშიში სახელმწიფოსთვის, ამბობს: დავაკვირდი ჩემს საქციელს და იმ ხალხსაც, მე რომ გამოვადექი რამეში შველა იყო, დაცვა იყო თუ ხსნა. ზოგმა ბოროტებით გადამიხადა, სხვამ იმაზე უარესი ჩაიდინა, რასაც ავაცდინე, ვიღაც თვითონ გახდა მოძალადე და ჯალათი, ღონე რომ მოიკრიბა ჩემი წყალობით, იმის მერე. არ ღირს ლაპარაკად! შევაქციე ზურგი ყველაფერს, აღარ ჩავერიე სხვის საქმეში, ქვა ქვაზე ნუ დარჩება ნურსად-მეთქი! მაშინ ყველამ დაივიწყა, რაც სიკეთე მქონდა გაკეთებული, ცუდი კაცების ჭორებს ყვა ხალხი, ზურგი შემაქცია თვითონაც. დავრჩი მარტოდმარტო და მივხვდი, არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ მომავალში რა მეკეთებინა და როგორ მეცხოვრა, ვერც ამის გავიგე რამე. სახელმწიფოს იმ კაცის არ უნდა ეშინოდეს, რომელიც ბოროტების დათრგუნვას და მახეში გაბმული მებრძოლი კაცების დახსნას არ შეეცდება. აღარ ვარ საშიში, ამიტომ აღარ ვარ!

არ იფიქროთ, თუთაშხიას ვედრებოდე, მაგრამ ეს სიტყვები ძალიან ბევრი ადამიანის მდგომარეობას ასახავდა „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას. და როცა რეჟიმს ეგონა, რომ საბოლოოდ გაივაკა და მის ძალაუფლებას ვეღარაფერი დაემუქრებოდა, სწორედ მაშინ წამოეწია საკუთარი ცოდვის გორგალი და ციხის ცოცხებით გადახვეტა ისტორიის სანაგვეზე. ახლა რამდენიც უნდა იგესლებოდნენ ქსელის „კოორდინატორები“, ამას აღარაფერი უშველის.

ვარ თუ არა საქართველოს სახელმწიფოს მტერი? ნამდვილად ვარ! ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იმ სახელმწიფოს, რომელსაც სააკაშვილი აშენებდა, არაფერი აქვს საერთო ჩემს სამშობლოსთან; მეორეც, იგი არ არის ქართული სახელმწიფო (აკი საქართველოს სახელმწიფოო, თავად წერენ!); მესამეც, სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ხალხს და მის ისტორიას ომს უცხადებს, სახელმწიფო აღარ არის, იგი ბანდაა.

პატრიარქთან მიღებაზე ბიძინა ივანიშვილმა სადღეგრძელოში 2013 წელი სიყვარულის წლად გამოაცხადა. მაცხოვარი გვასწავლის, გიყვარდეს მტერი შენიო! სააკაშვილთან ერთად მდგომი ივანიშვილი, ალბათ, ყბადაღებულ კოაბიტაციასთან ერთად, მის სიყვარულსაც მოახერხებს, მაგრამ სად პირადი მტერი და სად საზოგადო? მორწმუნე ვარ და საკუთარ მტრებს როგორმე შევიყვარებ, მაგრამ ჩემი სამშობლოს მტრების სიყვარულს ვერავინ დამავალებს. ვარ თუ არა მათი „სახელმწიფოსთვის“ საშიში?

ნამდვილად ვარ. მათ ეს იციან და ამიტომაც ილანძღებიან. პასუხს არ ელიან და იმედიანად არიან.

ნუ მოდუნდებით!

შეხვედრამდე – სოციალურ ქსელებში!

ნანა დევდარიანი
"საქართველო და მსოფლიო"