საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის კაპიტანი კარინა გრიგორიანი (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის II სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი) ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.
კარინა გრიგორიანმა სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, რის მიზეზადაც ბოლოდროინდელი მასშტაბური ამნისტია დაასახელა. როგორც პოლიციის კაპიტანმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამნისტიის ფარგლებში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულთა შეწყალება და სასაჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლება.
პრეზიდენტის განცხადებით, ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული არცერთი ადამიანი არ ყოფილა პოლიტპატიმარი. ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე მუშაობენ პოლიციაში და საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.