გაერთიანებული შტაბის უფროსი ნატოს შტაბ-ბინას ეწვია

საქართველო, 16 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი
ირაკლი ძნელაძე, ბრიუსელს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთა შეხვედრაში.
შტაბების უფროსების 168-ე შეხვედრას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი გახსნის. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსები ავღანეთში არსებულ ამჟამინდელი მდგომარეობისა და ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხებს განიხილავენ. მხარეები პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის უსაფრთხეობის ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების შესახებაც ისაუბრებენ. ნატოს შტაბ-ბინაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დღეს გენერალ-მაიორ კარლოს ბრანკოს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალთან ევროპაში, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ მარტინ დემპსთან, ISAF-ის მისიის მეთაურთან, გენერალ ჯონ ალენთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ კნუდ ბარტელსთან. საქართველოს დელეგაცია პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის ხელმძღვანელობით გერმანიაში, ჰაიდელბერგში მდებარე ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრსაც ესტუმრება და ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.