საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართველ ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი ატყობინებს, ასამბლეა მიესალმება საქართველოს ახალი ხელისუფლების გაბედულ გადაწყვეტილებას, დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების არსებობის სამარცხვინო ისტორია.
როგორც თავად აცხადებს, „პირადად ვიწვნიე და ვიცი, რა საშინელებაა, როცა შენს ქვეყანას გართმევენ, როცა გებრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას არ იზიარებ“.
„ამ უბედურებიდან ქვეყნის დახსნის ისტორიული პროცესი დაიწყო. დაიწყო მძლავრად. ეს 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგია... მისი გაგრძელებაა. ეს საქართველოს გამარჯვებაა! – ნათქვამია განცხადებაში. – ეჭვი არ გვეპარება, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო იქნება ქვეყანა პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების გარეშე. ეს დიდი დემოკრატიული გარდაქმნების შედეგი იქნება. ჩვენ იმედით ვუყურებთ ამ პროცესს!“
ძასოხოვი „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ სახელით ულოცავს საქართველოს ახალ ხელისუფლებას ამ გაბედული ნაბიჯის გადადგმას... ულოცავს ყველას, ვინც ციხის საკანი დატოვა! თავის ქვეყანაში დაბრუნების უფლება მიიღო! ულოცავს მათ ოჯახებსა და ახლობლებს! ულოცავს სრულიად საქართველოს!
„მწამს და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი თავისუფალ ადამიანებთან არის დაკავშირებული და ჩვენ, დემოკრატიული პროცესებით გაერთიანებული თავისუფალი ადამიანები, ჩვენი ქვეყნისთვის, მართლაც, სასწაულის მოხდენას შევძლებთ“, – ამბობს „ქართველ ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი.