პოლიტიკა
საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, ზემო ალვანის შემდეგ სტალინის ბიუსტი თელავის რაიონის სოფელ აკურაშიც აღადგინეს. როგორც აკურის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ბიუსტის აღდგენის შესახებ ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებიდან მიიღეს.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სხვადასხვა ადგილზე სტალინის ძეგლების აღდგენა დაიწყო. სტალინის ძეგლი პირველად ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში აღადგინეს. 2011 წლის ივნისში ფარულად აღებული ძეგლი თუშებმა 2012 წლის 25 ნოემბერს სოფლის ცენტრში დააბრუნეს და სტალინის დაბადების დღეზე, 21 დეკემბერს კი განახლებული გახსნეს.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტალინის ძეგლი ახმეტის მაშინდელმა მაჟორიტარმა პეტრე ცისკარიშვილმა მისი დავალებით აიღო, რადგან ქვეყანამ, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში შესვლა სურს, ალვანსა და გორში სტალინის ძეგლი არ უნდა აღადგინოს. თუმცა, გორელებმა ძეგლის აღსადგენად ხელმოწერების შეგროვება ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყეს და ამჟამად გორში სტალინის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარია გამოყოფილი. გავრცელებული ცნობით, სტალინის ძეგლს უწინდელ ადგილას მაისში დადგამენ.