რელიგია
საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმიო. ID ბარათთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მორწმუნეებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით დათუაშვილმა აღნიშნა, რომ „წინა ხელისუფლების მიერ ახალი ტიპის ბარათების შემოღება ცალმხრივად მოხდა, რაიმე შეხვედრა ან საზოგადოების გამოკითხვა ჩიპიან პასპორტებსა და ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით არ ჩატარებულა“.
დეკანოზი დავითი მიესალმება ამ შეხვედრის მოწყობას, მკვდარი წერტილიდან მოძრაობის დაწყებას და აღნიშნავს, რომ მსგავს შეხვედრებზე საკითხი განიხილება როგორც საღვთისმეტყველო კუთხით, ისე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ.
როგორც მამა დავითმა აღნიშნა, გუშინდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა. მსგავსი შეხვედრები მორწმუნეებსა და იუსტიციის მინისტრს შორის კვლავ გაიმართება, ჩატარდება კვლევები როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მხრიდან.