პუბლიკაციები
ვალერი კვარაცხელია: „ამერიკელებს ხუთი ბერკეტი აქვთ საქართველოში საკუთარი ინტერესების გასატარებლად“

anons-valeriსაქართველო. 10 იანვარი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის სტუმარია ჟურნალისტი, მწერალი და პოლიტიკური პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე, ბატონი ვალერი კვარაცხელია. ბატონი ვალერი ამჟამად ქართულ პოლიტიკაში აქტიურად არ არის ჩართული, თუმცა, ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი საუბარიც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე შედგა.

ბატონო ვალერი, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს?

– მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ მოხდა ის, რასაც, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა – შუა გაიკრიფა. დარჩა ორი გუნდი – კოალიცია „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალა პოლიტიკის მიღმა დარჩა. კარგია, თუ ცუდი ეს მოვლენა, ამის შესახებ შეფასებები სხვადასხვაგვარია. ჩემი აზრით, ეს არ არის კარგი. ვფიქრობ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენს,  საკმაოდ მაღალი – 40% ზე მეტი შეინარჩუნა იმიტომ, რომ ფლობდა სახელისუფლებო ბერკეტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, ცხადია, გაიმარჯვა იმიტომ, რომ ჰქონდა დიდი კაპიტალი. შედეგად, მოხდა ის, რომ საზოგადოებას პოლიტიკური ცხოვრებისთვის არ დარჩა ადგილი. ეს ორი ძალა ამტკიცებს, რომ საზოგადოების ინტერესებს გამოხატავს. თუ რამდენად იქნებიან ისინი საზოგადოებრივი აზრისა და ინტერესების გამომხატველი, ამას მომავალი გვიჩვენებს.

იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა, კოალიცია დაიშალოს. როგორ ფიქრობთ, ეს ხელოვნური პროცესი რამდენად ჯანსაღი იქნება?

– თქვენ ძალიან კარგი სიტყვა ახსენეთ – ხელოვნურობა. ხელოვნურობა არაფერში ვარგა, მით უმეტეს – პოლიტიკაში. ხელოვნურობა გულისხმობს, რომ პროცესი შეიცავს თამაშის ელემენტებს. რეალურად ეს ეტაპი ჩვენ გამოვლილი გვაქვს. საქართველოში არავითარი ოპოზიცია არ არსებობდა. არსებობდა ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელოვნურად იყო დაყოფილი ე.წ. ხელისუფლებად და ოპოზიციად. ამას შესანიშნავად ახერხებენ ამერიკელები, რომლებიც საქართველოში პროცესებს მართავენ. მათ ხუთი ძირითადი ბერკეტი უპყრიათ ხელთ და მათი მეშვეობით საზოგადოებას საკუთარ ნებასა და აზრს ახვევენ თავზე.

კონკრეტულად, რომელ ბერკეტებს გულისხმობთ?

– როცა ამერიკელები ზოგ ქვეყანაში იარაღითა და ბომბებით შედიან, ეს სხვა ვითარებაა, მაგრამ როგორც ისინი საქართველოში არიან შემოსული, ასეთ შემთხვევაში, ქვეყნის სათავეში მოჰყავთ მათ მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება, ნიშნავენ თავიანთ ოპოზიციას, ქმნიან და აფინანსებენ თავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთლიანად მათ ინტერესებს ემსახურება მედიასაშუალებები (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და, რაღა თქმა უნდა, სპეცსამსახურები. ეს ხუთი ბერკეტი საათივით აწყობილად მუშაობს და აკეთებენ ყველაფერ იმას, რაც ამერიკელების ინტერესებში შედის. თუ ხელახლა შევქმნით ასეთ ვითარებას და კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელოვნურად დაიყოფა და ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თამაში გაჩაღდება, რა თქმა უნდა, ეს არ მოიტანს იმას, რაც გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, რომელიც ხალხის ინტერესების შესაბამის მმართველობას ნიშნავს; რეალურად ეს არ გვექნება. ავიღოთ ისეთი გლობალური საკითხი, როგორიც საქართველოს საგარეო ორიენტაციაა. ჩვენ 20 წელია, დეკლარირებული გვაქვს, რომ გვინდა, ვიყოთ დასავლეთის ნაწილი. უნდა გადავხედოთ ამ წლებს და გავაანალიზოთ, თუ რა მოგვიტანა ამ 20-წლიანმა დასავლეთისკენ ლტოლვამ. მივყავართ მას „სამოთხისკენ“, თუ პრობლემებს გვიქმნის და სერიოზული კატაკლიზმების წინაშე დგება ქვეყანა?

ბატონო ვალერი, რეალურად ახალი ხელისუფლება  ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს იზიარებს, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა, თუმცა, ამასთან,  რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. როგორ ფიქრობთ, ეს ორი კომპონენტი ერთად როგორ იმუშავებს?

– ისტორიის მოკლე მონაკვეთმა დაამტკიცა, რომ ამ ორი მომენტის ერთმანეთთან შეთავსება პრაქტიკულად შეუძლებელია. იმ განცხადებების შედეგად, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ა.შ., მივიღეთ სამ ნაწილად დაშლილი საქართველო, რომელიც  ეკონომიკურად გაჩანაგებულია, რომლის მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტიც საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელადაა გაქცეული და ყველანაირად დაშლილ-დაქსაქსულია ქვეყანა. ამ მიმართულებით სიარული და პარალელურად რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, ჩემი აზრით, ერთ კონტექსტში ვერანაირად ვერ მოვა. აქ წინააღმდეგობა იმდენად სერიოზულია, რომ ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებაში სერიოზული კორექტივის შეტანის გარეშე რეალურად არაფერი გამოვა. საქართველოს დაშლის უკვე დაწყებული პროცესი გაგრძელდება და დაკარგულ ტერიტორიებს კიდევ მიემატება სხვა ტერიტორიები და კუთხეები.  ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მტკივნეული ადგილები, ვგულისხმობ ჯავახეთს (ეს დასამალი არავისთვისაა) და ქვემო ქართლის რეგიონს. ამიტომ, თუ რუსეთთან მტრობის გზით ვივლით, მაშინ რუსეთიც გახდება ჩვენთვის მტერი და ის შეეცდება რეგიონში საკუთარი ინტერესების გატარებას. ამ კონკურენციაში ჩვენ, რა თქმა უნდა, დავმარცხდებით და ქვეყანას სერიოზულად დავაზიანებთ.

რა კორექტივებს გულისხმობთ?

– მე და ჩემი თანამოაზრეები, რომლებიც ლამის „ჯვარს გვაცვეს“ იმ პოზიციის გამო, რომ რუსეთთან მტრობას მეგობრობა სჯობია, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ნეიტრალიტეტი; არა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება და, ამავე დროს, ყველა მიმართულებით პარტნიორობა და თანამშრომლობა. ეს ეხება ამერიკასაც, რუსეთსაც, ევროპასაც, აზიის ქვეყნებსაც და ა. შ.

ნეიტრალიტეტი ითვალისწინებს არა მარტო ნატოში, არამედ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრებაზე უარის თქმას, მაგრამ პარტნიორობა ნებისმიერი ჰუმანიტარული, კულტურული, ეკონომიკური და სხვა სახის ნეიტრალიტეტის პირობებში, ჩვეულებრივ, შესაძლებელია. სამწუხაროდ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა (მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახალი შემოსული იყო ქართულ პოლიტიკაში), განაცხადა, რომ ის ნეიტრალიტეტს არ უჭერს მხარს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ბატონი ზურაბ აბაშიძე დანიშნა. რატომ არ დაავალა პრემიერმა, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გამოეყო კონკრეტული პიროვნება, რომელიც იმუშავებდა ამ მიმართულებით? მე მაქვს ამ ფაქტის ჩემეული ახსნა (შესაძლოა, მცდარიც) – ივანიშვილი დასავლეთთან გარკვეულ ლავირებას ეწევა. დასავლეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით. სადაც ფულით და მოსყიდვით არ გამოსდის, დასავლეთი იარაღით მუშაობს, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ერაყი, იუგოსლავია, ავღანეთი, ეგვიპტე, სირია და ა.შ. ამიტომ ერთგვარი პოლიტიკური ხრიკი შეიძლება იყოს აბაშიძის დანიშვნა, რადგან ივანიშვილს რუსეთთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები შესაძლოა, ჰქონდეს, მაგრამ ეს ჯერ არ ვლინდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებულია ე. წ. პროდასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსებით, შესაძლოა, ივანიშვილი ვერ ანდობდა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებას. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა დააბარა ბატონმა ივანიშვილმა ზურაბ აბაშიძეს პუტინისთვის და, ასევე, რა დააბარა პუტინმა კარასინს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის?! ეს შესაძლოა, მხოლოდ მაშინ გავიგოთ, როცა ეს ოთხი ადამიანი მემუარების წერას დაიწყებს. ფაქტი ის არის, რომ გარკვეული მესიჯები არსებობს. ასეთ სიგნალად შეიძლება ჩავთვალოთ ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა ბაქოდან ყარსამდე სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით, როდესაც მან ეჭვქვეშ დააყენა ეს უზარმაზარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი. ამ განცხადებას რუსეთიდან პასუხი მოჰყვა – გახსოვთ, ალბათ, პუტინის პრესკონფერენცია.

მე ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ ივანიშვილი და პუტინი რევოლუციურ აზროვნებას იწყებენ, სადაც ვგულისხმობ, რომ პუტინმა ფორმულა, რომელიც რუსეთს ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, რევოლუციურად შეცვალა. თუკი ადრე პუტინი და რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კავკასიაში შეიქმნა ახალი რეალობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების სახით და საქართველოს მოუწევს ამ რეალობისათვის ანგარიშის გაწევა, ახლა რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები  ჩიხში შეიყვანა. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამ აღიარებას იგი უკან არ წაიღებს, მაგრამ საქართველოსაც არ შეუძლია ეს რეალობა ცნოს – ჩემი აზრით, ეს ძალიან სერიოზული გზავნილია და სწორი მიდგომაა.

მიმაჩნია, რომ ამ ცვლილებებს რაღაც ფარული, არასაჯარო ფაქტორები განაპირობებს. ჩემთვის, პირადად, ეს დამაიმედებელია. თუ ჩვენ რუსეთის ინტერესების გათვალისწინება არ დავიწყეთ, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს დაშლა გარდაუვალია.

ქართველები ვაღიარებთ, რომ ამერიკას, რომელიც ოკეანის გაღმა არსებობს, საქართველოში ინტერესები უნდა ჰქონდეს და რუსეთს, რომელიც ჩვენი მეზობელია, ინტერესები არ უნდა ჰქონდეს კავკასიის რეგიონში – ეს აბსურდია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი და რუსეთის ინტერესების ჰარმონიზაცია.

ივანიშვილს მოუწევს კორექტივების შეტანა ან რუსეთთან ურთიერთობებში, ან აშშ-თან მიმართებაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ის გადაწყვეტს, რომ ჩვენს ჩრდილოთელ მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთვის პრიორიტეტულია, სააკაშვილზე მეტად ივანიშვილს წინააღმდეგობას საკუთარი პოლიტიკური გარემოცვა გაუწევს. შესაძლოა, სწორედ საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრები გახდნენ პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მესაფლავეები.

ბატონო ვალერი, სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ; როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია, რომ პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბრამდე შეინარჩუნებს პოსტს?

– იანვარში სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. შეიძლება გადადგეს ის პრეზიდენტი, რომელსაც აქვს უფლებამოსილების ვადა, ხოლო პრეზიდენტი, რომელსაც ეს ვადა დაუმთავრდა, კი არ უნდა გადადგეს, არამედ, აიღოს თავისი ბარგი და დატოვოს თანამდებობა. კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს 5 წლის ვადით. ჩვენ სააკაშვილი ავირჩიეთ 2008 წლის 5 იანვარს და მიმდინარე წლის 5 იანვარს მას უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა. სააკაშვილმა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, ეშმაკობითა და ძალადობით კონსტიტუციაში ჩაწერა სხვა ნორმა, რომლის მიხედვითაც, ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ 2013 წლის ოქტომბერში – ეს ხალხის ნების უგულებელყოფაა. ის აქციები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ვფიქრობ, არანაირ შედეგს არ მოიტანს. სააკაშვილს 100 000-იანი მიტინგებიც უნახავს, მაგრამ არ დამორჩილებია ხალხის მოთხოვნებს. მან უნდა იგრძნოს ძალა. ამ ძალას ის იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის ნება იქნება. მთელი პრობლემა ის არის, რომ ამჟამად პრემიერ-მინისტრს ამის გაკეთება არ უნდა. ის ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის ამერიკელებისა და ევროპელებისგან.

როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი აზრით, ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, გასამართლდეს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს ასე მარტივად შესაძლებელი არ იქნებოდა. იმედია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისეთ საბედისწერო შეცდომებს არ დაუშვებს, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობას რევანშის საშუალებას მისცემს.

ფიქრობთ, რომ მათ რევანშის ძალა შესწევთ?

– ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებს და არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, მაგრამ ძალა შესწევს, მიიღოს დასავლეთის დახმარება (აქვს კიდეც ამერიკული რეაქციული ძალების მხარდაჭერა). ამიტომ, ვფიქრობ, რომ საშიშროება ჯერჯერობით მოხსნილი არ არის.

ესაუბრა ნატა წერეთელი

საქინფორმი