პუბლიკაციები
თეა თუთბერიძე: ბაჩო ახალაია – მონსტრი თუ პოლიტიკური მძევალი?!

analit-TEAსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. დღეს თეა თუთბერიძემ საქინფორმს პუბლიკაციის გამოქვეყნების თხოვნით მომართა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

„ხელისუფლების ცვლილებამდე ჩვენ ვიცოდით, რომ ბაჩო ახალაია კანიბალი იყო. იგივე გვესმის ახლაც და რასაკვირველია ღრმად ვართ დარწმუნებულები, რადგან ისეთმა ხალხმა გვითხრა, არ მოგვატყუებდნენ. უბრალოდ მთელი ფოკუსი იმაშია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა პროკურატურას ლოგიკურად უნდა ეპოვა ადამიანთა დახრული ძვლები, ახალაიების ზუგდიდურ ბუნაგში გადამალული და ეს ფაქტობრივი მტკიცებულებები საჯაროდ გამოეტანა, მან იპოვა დახრული ვაშლი, რომელიც მოგეხსენებათ მონსტრებს არ უყვართ. ამოცანა გვეკითხება, სადაა ადამიანების დახრული ძვლები?

მოდით ჯერ ერთად გადავავლოთ თვალი, დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გაკეთებულ განცხადებების ნაწილს მაინც.

2012 წლის 27 ოქტომბრი - ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში დაახლოებით 113 მილიონი ლარის დეფიციტია - „საქართველოს შეიარაღებული ძალებში ჩვენ მნიშვნელოვანი პრობლემები დაგხვდა, მათ შორის არის 113 მილიონი ლარის დეფიციტი“. ამის შესახებ განცხადება ალასანიამ, მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, 27 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

2012 წლის 31 ოქტომბერი - ზუსტად 4 დღეში კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე აცხადებს: „თავდაცვის ბიუჯეტის პრობლემები უკვე დადგენილია და ახლა მათ გადაწყვეტაზე მიმდინარეობს მუშაობა.  ძირითადი პრობლება არის არამიზნობრივი გადახარჯვა. ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეიძლება მოვახერხოთ გარკვეული ეკონომია და ვმუშაობთ, რომ ოპტიმალურად გადანაწილდეს არსებული რესურსები. ჩვენ დაახლოებით 4 მილიონამდე ლარის ვალდებულება დაგვხვდა. ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რომ ერთობლოვად მოვახერხოთ დამატებითი სახსრების გამოყოფა, რათა საბიუჯეტო დეფიციტის გადაფარვა მოხდეს“. მისივე განცხადებით, საკითხის უფრო დეტალური ანალიზის შემდეგ, ისინი შესაბამის მაკონტროლებელ უწყებებს მიმართავდნენ, რათა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გამოძიება დაწყებულიყო.

2012 წლის 22 დეკემბერი - ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა:  „ნატოს სტანდარტებითაა ყველაფერი გაკეთებული. მარგველაშვილი, განათლების მინისტრი, აი სულ ჩივის, რასაც ვუყურებთ და ვმოძრაობთ ერთად, რომ არანაკლები და ასეთივე უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო ყველა უნივერსიტეტი თუ ინსტიტუტი.“ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით კი, „თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ გვყავდეს განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული ჯარი, მოაზროვნე ჯარი. ჩვენ, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, რომ ესეთი განათლება მივცეთ ჩვენ სტუდენტებს, მსმენელებს, და პროფესია სამხედრო არ იქნება მხოლოდ ვიწრო სამხედრო პროფესიით შეზღუდული, არამედ მათ სამოქალაქო განათლების საშუალება, სერიოზული განათლების საშუალება ექნებათ“. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი: „ისინი ძაან მაღალ დონეზე არიან დღეს. და ძაან საინტერესოა ამ დონის დახვეწა. მე ვისურვებდი, რომ აი ესეთი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ზედა 25% მაინც“.

 

2013 წლის 8 იანვარი - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ბურჭულაძის წარდგენისას:  „მოგესალმებით. მე დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მომდევნო მოადგილე. ეს გახლავთ ალექსანდრე ბურჭულაძე, რომელიც არის მაღალპროფესიონალი ფინანსისტი, ეკონომისტი და არის ძალიან კარგი მცოდნე იმ სამართლებრივი საკითხებისა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვკურირებდე ეკონომიკურ და ფინანსურ-სამართლებრივ სფეროს. ის სწორედ ამ სფეროში გამიწევს მე დახმარებას იმისათვის, რომ ეს უწყება იყოს ეფექტიანად მართული. თქვენ იცით, რომ ბატონი საშა იყო აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თუმცა თავიდანვე როდესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, გუნდს ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ბატონი საშა სწორედ იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ყოფილიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ როგორი განადგურებული თავდაცვის სისტემა დატოვა ბაჩო ახალაიამ, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ბატონი საშა თავიდან თავდაცვის სამინისტროს დახმარებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ თავდაცვის სამინისტროში გამოვლინდა ბაჩო ახალაიას წყალობით დატოვებული 113 მილიონი ლარის დეფიციტი, რომელიც შემცირებულ იქნა, განახევრებულ იქნა და დანარჩენის დაფინანსების მექანიზმები სწორედ ბატონი საშას დახმარებით იქნა თავდაცვაში მოძებნილი. მან შეიმუშავა 2013 წლის ბიუჯეტი იმ სამინისტროში და გამოავლინა ძალიან ბევრი არამიზნობრივი ხარჯი, მათ შორის არის ძალიან ცნობილი ავტომატების თემა და არის პრეზიდენტის მეორე თვითმფრინავი Gulfstream-თან დაკავშირებული ის აურაცხელი ხარჯები, რომელიც აწვებოდა ხალხის კისერს. ბატონმა საშამ, ასე ვთქვათ, მოიხადა ვალი თავდაცვის სისტემის წინაშე თუმცა მას რა თქმა უნდა იქაც წარმატებით შეეძლო გაეგრძელებინა საქმიანობა, მაგრამ ის დაგვჭირდა იუსტიციის სამინისტროში და მე მას მადლობა მინდა გადავუხადო, ისევე როგორც თავდაცვის მინისტრს, რომელმაც ის ჩვენ და მისი კომპეტენცია ჩვენ დაგვითმო. დანარჩენი შეკითხვები მის წარსულ და მომავალ საქმიანობაზე თუ კი გექნებათ, რა თქმა უნდა ბატონი საშა მზად არის გაგცეთ პასუხები და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. და აჰა, კი ბატონო და მე რომ წავიდე არა?“

ახლა კი გეკითხებით თქვენ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს - გაგვაგებინეთ რა ხდება? როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ვითარება? როდემდე შეიძლება ქვეყნის იუსტიციის მინისტრი უბანში მდგომი ჭორიკანა ქალის დონეზე გვესაუბრებოდეს საინფორმაციო საშუალებებით? სად არის, ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ, თქვენი მხრიდან წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ბაჩო ახალაიას კიდევ არაერთი მუხლით უნდა დამძიმებოდა ბრალი? თუ არ გახსოვთ შემიძლია შეგახსენოთ: პირველი, წინასწარ დაანონსებული სერგო თეთრაძის საქმე, სადაც ბაჩო ახალაიას თქვენივე განცხადებით, ახალი ბრალდება უნდა წარდგენოდა. მეორე, წინასწარ დაანონსებული ბრალდება ე.წ. ციხის კადრებზე (არჩევნებამდე 11 დღით ადრე გავცრელებული ვიდეო რგოლები), რომელზედაც ბაჩო ახალაიასთვის ბრალის წარდგენა უნდა მომხდარიყო, როგორც იუწყებოდით. მესამე, წინასწარ დაანონსებული ე.წ. ციხის ბუნტის საქმე, რომელ საქმეზეც ასევე უნდა წაყენებოდა ბაჩო ახალაიას ბრალი. მეოთხე, წინასწარ დაანონსებული პროკურატურაში შესული 5000-ზე მეტი პატიმრის საჩივარი, რომლის საფუძველზეც ბაჩო ახალაიას პატიმრების ცემასა და წამებებზე ბრალი უნდა წარდგენოდა. არც 113 მილიონი ლარის არამიზნობრივ გადახარჯვაზე არის ბრალი წაყენებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში იქნა „გამოაშკარავებული“ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. არც, როგორც აღნიშნეთ, „ცნობილი ავტომატების თემაზე“ მომხდარა ბრალის წაყენება.

რეალურად კი რა გაქვთ ხელთ? რა არის ის სამი ეპიზოდი, რომლითაც ბაჩო ახალაია გყავთ დღეს ციხეში?

 

პირველი საქმე - თუ როგორ თლიდა ბაჩო ახალაია თავის კაბინეტში ვაშლს და ვაშლის თლის პარალელურად როგორ უკაკუნებდა ჯარისკაცს თავში დანის ტარს; მეორე საქმე, თუ როგორ აღუკვეთა ბაჩო ახალაიამ თავისუფლება სუტენიორ ზვიად აბესაძეს და როგორ წაართვა კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც, როგორც თავად აბესაძე აცხადებს, რატომღაც დილით უკან დაუბრუნა (როგორც ჩანს ისეირნა ღამით იმ მანქანით); და მესამე საქმე, რომლის თანახმადაც ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის დავალებით ჯარისკაცები წელს ზემოთ შიშველი ავარჯიშეს, 3 ღამით აბანოში გამოამწყვდიეს და ასევე აძახებინეს მათთვის „შეურაცხმყოფელი“ ფრაზა - "მეოთხე ბრიგადას გაუმარჯოს".

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაჩო ახალაიას დაკავებიდან უკვე სამი თვე იწურება და არც ერთ ზემოაღნიშნულ ეპიზოდზე დღემდე არ მოიპოვება საქმეებში მოწმეების ჩვენებების გარდა არანაირი მტკიცებულებები და სამხილები. ამის პარალელურად კი დღეს პრეს-კონფერენციაზე ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ამბობთ რომ მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და ოქრუაშვილს ბრალის ნაწილი მოუხსნა, რადგან ბრალთან მიმართებაში მთელი რიგი ეპიზოდებისა, წინა ხელისუფლების მიერ იყო შეთითხნილი, და გამოსვლას ასრულებთ შემდეგით: "ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემ თვალში ირაკლი ოქრუაშვილი ფრთიანი ანგელოზია. მაგრამ უფრთო ანგელოზსაც კი, როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ საქმეს აღძრავ, უტყუარი მტკიცებულებები სჭირდება. ეს მტკიცებულებები ზოგიერთ ეპიზოდში არ არის. აქედან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება, სხვა ეპიზოდებს, როგორც ოქრუაშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ჩამოსულიყო, როდესაც ქვეყნის გარეთ მყოფი ბრალდებული თავად ბრუნდება, არ არსებობს საფუძველი, რომ მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩეს, თუმცა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და აღმკვეთი ღონისძიება არ გააუქმა.“ (ცნობისთვის, ბაჩო ახალაიაც საკუთარი სურვილით ჩამოვიდა საქართველოში თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და არ ჰქონია იმის ილუზია, რომ ხალხის სამართლის აღსრულებას არ შეუდგებოდით. თუმცა დაკავების შემდეგ პროკურატურამ მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად ჩამოვიდა საქართველოში, პირველივე დაბარებაზე გამოცხადდა პროკურატურაში და მისცა ჩვენებები, მაინც მოითხოვა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, ყოველგვარი კანონით დადგენილი საფუძვლების იგნორირებით, რაც სამწუხაროდ სასამართლოს მიერ ასევე კანონის დარღვევით იქნა დაკმაყოფილებული).

იუსტიციის მინისტრო, ასევე შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ „უფრთო ანგელოზის“ საქმეებშია უტყუარი მტკიცებულებების და სამხილების არსებობა აუცილებელი, არამედ „მონსტრი“ ბაჩო ახალაიას საქმეებშიც! მინდა გითხრათ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადები ამოიწურა და ამ დროისთვის უკვე დასრულდა მხარეებს შორის მტკიცებულებათა გაცვლა. ბრალდების მხარეს ბაჩო ახალაიას დაცვის მხარისთვის არცერთი მტკიცებულება და სამხილი არ გადაუცია. საქმეებში გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ორი მათგანი - მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი კი სულაც ცვლის თავის ჩვენებას და იწყებს საჯაროდ საუბარს ჩვენების მიცემის პროცესში პროკურორ თენგიზ ხარებავას და სხვა გამომძიებლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე. ისიც აღსანიშნავია, რომ რატომღაც მთავარ პროკურატურაში ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა. რატომღაც არ დაინტერესებულა გამოძიება არც იმით, რასაც ეს მოწმეები აცხადებდნენ იყო სიმართლე, თუ ისინი ცრუობდნენ.

და ბოლოს, მიმართვა მინდა დავასრულო იმით, რომ ტყუილად ცდილობთ ბაჩო ახალაიას მონსტრად, მკვლელად, ჯალათად, მწამებლად, სადისტად და ა.შ. გასაღებას და საზოგადოების მოტყუებას, რომ მართლმსაჯულება ზეიმობს.  მოგიწოდებთ, შეასრულეთ თქვენი უფლებამოვალეობები, რაც ქმედებების და ვალდებულებების ბევრად უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე დაბოღმილი ქალის მხრიდან ერთი ოჯახის ყოველდღიური ლანძღვა-გინებაა!

მინდა გითხრათ, რომ ბაჩო ახალაია ისეთივე დამნაშავეა, როგორც ბიძინა ივანიშვილია დღეს ფილოლოგიის მამა!“