რელიგია
თბილისში ალილო ტრადიციულად აღინიშნება

alilo-sazoga1-religia1საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, ისევ აღდგა.

ტრადიციულად, წელსაც, ალილო ვარდების მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და სამების ტაძართან დასრულდება. პარალელურად, წელს პირველად დაიწყება მეორე მსვლელობა ისნიდან და სამებასთან დასრულდება. მსვლელობას თეატრალიზებული სახე ექნება. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას. კონკასთან მონაწილეთა ჯგუფი საპატრიარქოში გადავა. იქ ალილოს მონაწილეებს პატრიარქი შეხვდება და ტკბილეულს გადასცემს. ამასთან, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ალილოს მონაწილეებს დალოცავს.
ამის შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. აქ ერთი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც ალილოს მონაწილეებს ტკბილეულს პრეზიდენტიც გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.
მსვლელობის მონაწილეებთან ტრადიციული შეხვედრა რუსთაველზე მდებარე პარლამენტის შენობის წინ წელსაც გაიმართება. 14:30 საათისათვის პარლამენტთან მათ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ბიუროს წევრი დეპუტატები უმასპინძლებენ.
წელს ალილოში მონაწილეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეც. მსვლელობის მონაწილეები სასახლესთანაც შეჩერდებიან.
მოსახლეობა ალილოში მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ამ მიზნით მერია ავტობუსებს გამოყოფს.