საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრების 35 წლისთავისა და დაბადების მეოთხმოცე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოქალაქეთა მიღება გაიმართება. უწმიდესის იუბილესთან დაკავშირებით უკვე საქართველოში იმყოფება ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე. ის სპეციალურად პატრიარქის ინტრონიზაციისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ეწვია ქვეყანას.
ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებსა და სასულიერო პირებთან ერთად თავად დახვდა.შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადემ პატრიარქს იუბილე მიულოცა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მილოცვაც გადასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის აღსაყდრების 35 და დაბადების მეოთხმოცე წლისთავის მილოცვის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოქალაქეთა მიღება 18:30 დაიწყება.
საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები ხვალაც არის დაგეგმილი. 12:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის, ხოლო 18:30 საათზე პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.