საზოგადოება
„ინტერ რაო ეეს“-მა და საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დროებითი მემორანდუმი გააფორმეს

interrao-sazogadoebaa3საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ღია სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო ეეს“-ის გამგეობის თავმჯდომარე ბორის კოვალჩუკმა და საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ცნობა „ინტერ რაო ეეს“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ხსენებული მემორანდუმის მოქმედების ვადა 2013 წლის მარტამდე გასტანს.

დოკუმენტი ითვალისწინებს სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ტარიფის 3.54 ლარით შემცირებას დღგ-ის ჩათვლით (1კვტ/სთ) მომხმარებელთა იმ ჯგუფისთვის, რომელიც თვეში 301 კვტ/სთ-ზე მეტს არ მოიხმარს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლილებები „თელასის“ მოქმედ სამომხმარებლო ტარიფებში შუალედურ და დროებით ხასიათს ატარებს და „თელასთან“ მიმართებაში 2013 წლის 31 მარტამდე შეთანხმებული სატარიფო პოლიტიკის ფორმირებისკენ არის მიმართული.

„გრძელვადიანი ტარიფების დადგენა ელექტროენერგიაზე, შესაძლოა, თანაბრად მომგებიანი იყოს როგორც „თელასისა“ და ჯგუფ „ინტერ რაო ეეს“-ისათვის, ისე საქართველოში ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის, მათ შორის, მოსახლეობისთვის, – განაცხადა ბორის კოვალჩუკმა. გრძელვადიანი ტარიფების პირობებში სააქციო საზოგადოება „თელასს“ საშუალება ექნება, მაქსიმალური სიზუსტითა და მაღალი ეფექტიანობით დაიგეგმოს ინვესტიციების დაბანდება და საოპერაციო საქმიანობა, მომხმარებლები კი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადასახდელად საჭირო სახსრების დაგეგმვის საშუალებას მიიღებენ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ოპერატიულად და კონსტრუქციულად გადაწყვიტოს ქვეყნის ელექტროენერგეტიკის საკითხები და დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობა ეფექტიანი აღმოჩნდება“.