საზოგადოება
საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „112“-ის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრი „112“-ში დასაქმებულებს გაესაუბრა და ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით უწყების მუშაობის საგანგებო გრაფიკის მზადყოფნა გადაამოწმა.
დასვენების დღეებში „112“-ის თანამშრომლები შეტყობინებების განსაკუთრებულ ზრდას ელიან. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, სხვა სამსახურებთან (სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი) ერთად, მზად არის, მიიღოს და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ყველა სახის შეტყობინებაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა „112“-ის მუშაობა და თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.