საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში რეგისტრირებული აბონენტები 2013 წელს კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას თბილისის მერმა გიგი უგულავამ გააცნო.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, ოჯახები რომლებიც თვეში 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 3 ლარით და 54 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე არ შეეხება თბილისში მცხოვრებ იმ 50 000 ოჯახს, რომლებიც ე.წ. მე-3 კატეგორიის გადამხდელებს მიეკუთვნებიან. თბილისში მცხოვრებ იმ 40 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, კომუნალური გადასახადების დასაფარავად სააბონენტო ანგარიშზე, ასევე, 100 ლარი დაერიცხებათ. ამასთან, პირად ანგარიშზე ისინი წლის განმავლობაში დამატებით 150 ლარს მიიღებენ. მერიის კომუნალური ვაუჩერი 8 ლარის და 40 თეთრის თანაგადახდას დასუფთავების გადასახადზე, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე წყლის ტარიფის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს.
ყველაფერ ამასთან ერთად, ძალაში რჩება ზამთრის პერიოდში დასუფთავების ტარიფის განახევრების შესახებ საკრებულოს მიერ გასულ თვეს მიღებული გადაწყვეტილება.