საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საქინფორმს აცნობა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარადგინა.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ხუთი მოადგილე ეყოლება.
საქინფორმის მკითხველს დამატებით ვაცნობებთ: ვლადიმერ ჩაჩიბაიას დამთავრებული აქვს თავდაცვის აკადემია საქართველოში, მიღებული აქვს უმაღლესი სამხედრო განათლება აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში (ეს უმაღლესი სასწავლებელი სულ რამდენიმე ქართველს აქვს დამთავრებული და მათგან სამი – გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ერთად იმუშავებენ გაერთიანებულ შტაბში); გავლილი აქვს სამხედრო კურსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დაჯილდოებულია მედლებით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და II ხარისხის ორდენით „უმწიკვლო სამსახურისთვის“.
ვლადიმერ ჩაჩიბაია ოცი წლის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში. იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 2004 წელს მეთაურობდა ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში.