საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს კათოლიკური სამყარო შობას ზეიმობს.
თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში წუხელ საშობაო წირვა ჯუზეპე პაზოტიმ ჩაატარა.
კათოლიკე მოქალაქეებისთვის შობის მისალოცად, იუსტიციის მინისტრი, თბილისის მერი და „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი მივიდნენ.
„ყველას გილოცავთ ამ ძალიან დიდ დღეს, სულიერი თავისუფლების, თავისუფლების დღეს ყველა ქრისტიანისთვის. ჩვენ ერთი რწმენის წარმომადგენლები ვართ, რაც უნდა განსხვავებული არსებობდეს ჩვენს შორის. როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ დღესასწაულს, გილოცავთ მთელი გულით, თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი. მინდა, მოგცეთ გარანტია, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რელიგიური თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი, და ჩვენ არავის, პირველ რიგში კი, ჩვენს თავს, არ მივცემთ იმის უფლებას, რომ რომელიმე რელიგია, იქნება ეს უმცირესობა თუ უმრავლესობა, ხელისუფლებამ ან ვინმემ თავის იარაღად გამოიყენოს. ჩვენ ვართ ისეთი რელიგიური თავისუფლების მომხრე, რომლის პირობებში ყველა რელიგიას აქვს თავისუფალი აღმსარებლობის ნება, სახელმწიფოს აქვს თავისი პოზიტიური ვალდებულებები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა მილოცვაში.
„ჩვენი მრავალფეროვნება არის ჩვენი საგანძური და ჩვენი რელიგიური თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ეფუძნებოდა, ეფუძნება და მომავალშიც დაეფუძნება ჩვენი სახელმწიფო. ვისურვებ, რომ ჩვენ ამაზე არ გველაპარაკოს, და ამის საჭიროება არ ყოფილიყოს, არც პოლიტიკოსების და რაც უფლებადამცველების მხრიდან. მაშინ მართლაც ჭეშმარიტ მშვიდობას მივაღწევთ“, –აღნიშნა გიგი უგულავამ თავის მილოცვაში.
ვანო მერაბიშვილმა ეკლესია კომენტარის გარეშე დატოვა.