საზოგადოება
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის განცხადება
1-jurnal-sazoo3საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია „რუსთავი 2“-ის შემოქმედებით რედაქციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს პროფესიულ სოლიდარობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ: „ჟურნალისტების დამოუკიდებლობა, მათი პროფესიული შემოქმედებითი საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო სტრუქტურებზე, მესაკუთრეთა კაპრიზებზე და არც მათ მიერ დანიშნულ ხელმძღვანელობაზე. პრობლემების გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს თვითრეგულირების საერთაშორისო ჟურნალისტთა სოლიდარობის, პროფესიული ეთიკის, მესაკუთრეთა, რედაქტორთა და ჟურნალისტთა შორის დაბალანსებული საკანონმდებლო ურთიერთობის საფუძველზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით.
მედიამესაკუთრეთა ხშირი, განმეორებადი და გაუგებარი ცვლილებები არ უნდა იწვევდეს პროფესიონალი ჟურნალისტების მიზანმიმართულ შევიწროებასა და პროფესიულ საქმიანობაში უხეშ ჩარევებს.
პარლამენტი და მთავრობა ვალდებულია, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული პოლიტიკური წყობის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლებისა და რედაქციათა დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოების, ჟურნალისტებისა და ექსპერტთა აქტიური მონაწილეობით შეიმუშაონ ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიაინსტიტუტების რეალურ დამოუკიდებლობას, ფინანსურ გამჭვირვალობას და თვითდაფინანსებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ქართულ მედიასივრცეში ხშირი, რთული და სამართლებრივად გაუგებარი პრობლემები“
.