საზოგადოება
აქცია პარლამენტთან – „ვაპროტესტებთ ძალადობას“

1-mtavai1საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, რომლის მშენებლობისთვის სამი წლის წინ ამ ადგილზე დიდების მემორიალი ააფეთქეს, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მერაბ ბერძენიშვილის ძეგლის დიდების მემორიალის დემონტაჟი ქუთაისში 2009 წლის დეკემბერში დაიწყო, იმავე წლის 19 დეკემბერს კი ის ააფეთქეს. ძეგლის აფეთქება 2009 წლის 21 დეკემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის დაბადების დღისთვის უნდა მიეძღვნათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ დღისთვის საპროტესტო აქცია დაიგეგმა, აფეთქება დაჩქარდა და მას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. მემორიალის აფეთქების დროს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის კერძო კომპანი საქფეთქმრეწვის 3 თანამშრომელი დააკავეს, თუმცა გამოძიება ისე დასრულდა, რომ არ გამოვლენილა პარლამენტის მშენებლობის მოტივით ძეგლის აფეთქების ბრძანების გამცემი პირი.

დღეს პარლამენტთან შეკრებილნი აპროტესტებენ ძალადობას და გამოთქვამენ მწუხარებას, რომ ძველმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ახლის აშენება მსხვერპლის გარეშე.

აქციის მონაწილემ, მოძრაობა „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა: „ძალიან სამწუხაროა, საქართველოში თუ ვინმე ფიქრობს, რომ სისხლიან ნანგრევებზე შეიძლება რაიმე აიგოს. აქ სამი წლის წინ ააფეთქეს „ქართულ ბიბლიად“ წოდებული ფილოსოფიური ტრაქტატი. ჩვენ წამოვედით დავით აღმაშენებლის ძეგლიდან. ხელისუფალი, რომელიც ამ მემორიალს ააფეთქებს, დავით აღმაშენებლის ძეგლს გადაიტანს და გორში იფორთხებს, ის არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს!“

კინორეჟისორი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი რეზო ჩხეიძე ამბობს, რომ „აქ ბერძენიშვილის უზარმაზარი მემორიალი იდგა, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ომს, ბრძოლის უნარს, არა რომელიმე ომისადმი, არამედ მთელი ხალხის გმირობა იყო საუკუნეების მანძილზე. ეს ააფეთქეს და დადგეს ეს სიმახინჯე. მიპასუხეთ, ასე ხალხის ბედზე თამაში შეიძლება??? არ შეიძლება!!!“

აქციის მონაწილე, მწერალი ცირა შალაშვილი აპროტესტებს ძალადობას და ყოველივეს, რაც ძალადობასთანაა დაკავშირებული. „რაც შეიძლება მოგვარდეს ურთიერთობით, უბრალოებით, სიყვარულით, იმას არ სჭირდება არც ტყვიამფრქვევი, აღარც ციხე“, – აღნიშნა მან.

1-aqcia1 1-aqcia2
1-aqcia3 1-aqcia4
1-aqcia5 1-aqcia6