საზოგადოება
საპარლამენტო კომისია „ნაციონალურ მოძრაობას“ „თავისუფალი საქართველოს“ ინიცირებით დროშას ართმევს

1-droSa-sazogadoebaa2საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის საკითხების განსახილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ „თავისუფალი საქართველოს“ მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება შეისწავლა  და დადებითი დასკვნა მისცა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პარტიამ 2012 წლის 21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო წინადადება საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის შემუშავება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სახელმწიფო დროშის გამოყენება ცალკეული იურიდიული პირების მიერ არასათანადოდ ხდება. კანონპროექტით იკრძალება სახელმწიფო სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის გამოყენება ცალკეული ორგანიზაციების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების სიმბოლოდ.

„თავისუფალი საქართველოს“ განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში თავის პარტიულ დროშად იყენებს საქართველოს სახელმწიფო დროშას, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი, რაც არღვევს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო დოკუმენტებს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მკაფიო გამიჯვნის აუცილებელი ნორმების დაცვის შესახებ.

საპარლამენტო კომისია „თავისუფალი საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ არასახელმწიფო და იურიდიული პირების სიმბოლოდ სახელმწიფო დროშის გამოყენების აკრძალვა კომისიისათვის მისაღებია და მზად არის სახელმწიფო დროშის ცვლილების საკითხზე  „თავისუფალ საქართველოსთან“ ითანამშრომლოს.

„კომისია დასაშვებად მიიჩნევს,  საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვას სახელმწიფო დროშასთან ერთად მხოლოდ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესების დაცვით“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.