რელიგია
საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისმა, დიდგვაროვანმა წარმართმა, ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც უცხო ხალხისაგან მოშორებით ზრდიდა. მაგრამ ღვთის განგებით ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი თანატოლები, აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა.
მამამ შვილი დასასჯელად თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს.
წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.