პუბლიკაციები
და ისევ – ლიკა ყაზბეგის „წარმატებული ქალი პოდიუმზე!“

1-lika-mtსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ლიკა ყაზბეგი საზოგადოებას უკვე მეხუთედ წარუდგენს პროექტს „წარმატებული ქალი პოდიუმზე“. ჩვენების პარტნიორი იტალიური გალერეაა. სწორედ აქ გაიმართება საიუბილეო ჩვენება 24  დეკემბერს, 19:00 საათზე.

რა სიახლეებს უნდა ველოდეთ ტრადიციადქცეული პროექტისაგან, გამოიყვანს თუ არა წარმატებულ მამაკაცებს და როდის გაიმართება „ბიზნესჩვენება“? ამ თემებზე ლიკა ყაზბეგი გვესაუბრა.

– ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ჩვენება, სადაც  „დისკრიმინაციას“ ვუწევ პატარებს, რადგან 30 წელზე დაბალი ასაკის არავინ დაიშვება – არც პოდიუმზე და არც სტუმრებში. წელს განსაკუთრებული ადგილი შევარჩიე – იტალიური გალერეა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის პირდაპირ მდებარეობს (მარჯანიშვილის №5). არასტანდარტული გარემოა, ღია ცის ქვეშ ვაწყობ ჩვენებას.

– მამაკაცები რატომ არ გამოგყავთ პოდიუმზე?

– რა იცით, რომ არ გამომყავს? იქნებ, გამოვიყვანო კიდეც ან წელს, ან მომავალ წელს, ან არასოდეს...

– ინტრიგას აგდებთ?

– ეს ნასწავლი მაქვს!  (იღიმის)

– ვის ნახავს საზოგადოება წლევანდელ პროექტში?

–  წელს საზოგადოება იხილავს ულამაზეს ქალბატონს, მსოფლიოში სახელგანთქმულ პიანისტ ელისო ბოლქვაძეს. ის ჩვენი საპატიო სტუმარია.

პოდიუმზე  გამოვლენ ბიზნესლედები,  მსახიობები, კომპოზიტორები და ა.შ.

ვამაყობ, რომ წელს მონაწილეები ჩვენი ჩვენებისთვის პირველად  ჩამოდიან  მეზობელი და შორეული ქვეყნებიდან.  ბაქოდან ბიზნესლედის ველოდებით;  ესპანეთიდან ჩამოდის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა – ქეთი გორგილაძე, ქართველი ემიგრანტი;  ჩვენების ერთ-ერთი მონაწილეა ლარა ჩაიკოვსკი, ამერიკელი ქალბატონი  ბოსტონიდან, ყოფილი მოდელი; ჰოლანდიიდან მუსიკოსი ქალბატონი გვყავს სტუმრად...

ალბათ, ტრადიციას წელსაც არ დაარღვევთ...  გახსნას ვგულისხმობ....

– რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის, ჩვენებას ჩემი ბავშვთა სამოდელო სააგენტო გახსნის. ისინიც ხომ მომავალი წარმატებულები ადამიანები  იქნებიან.

– ვინ ჩააცმევს თქვენს ქალბატონებს?

– იტალიური გალერეა. აქ საუკეთესო სამოსია, მაღალი კლასის ბრენდები: Ferragamo, Ferre, Versace, Armani, Valentino; არაჩვეულებრივი დიზაინერი მანანა მანია, რომელსაც არასდროს გამოუტანია თავისი კოლექცია საზოგადოების წინაშე და მხოლოდ მე დამდო პატივი; ნინო გოგიბერიძე (რომელიც ზაიცევის ფავორიტი  დიზაინერი გახლავთ) კი სპეციალურად ამ საღამოსთვის კოლექციას ქმნის.  ნიჭიერი ხელოვანი ანა ჩანგიანი თექას წარმოადგენს, აქსასუარებზე თამუნა ლაშხია ზრუნავს.

აქვე მინდა, ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო მანანა კობალაძეს და სილამაზის  ცენტრ „ვინტაჟს“, რომლებიც  ქალბატონების იმიჯზე ზრუნავენ.

– ბიზნესჩვენება როდის იგეგმება?

– ეს იმ პროექტის მოკლე სათაურია, სადაც   მონაწილეობენ ცნობილი კომპანიების დირექტორები,  ბრენდმენეჯერები,  მარკეტინგის, PR-ისა და ტოპმენეჯერები. ეს პროექტიც არაორდინარულია და ვფიქრობ,  ყოველწლიური გახდება.

პიარმენეჯერებს ვთავაზობ, პოდიუმზე საკუთარი კომპანია წარმოადგინონ (კიდევ ერთხელ გაუწიონ რეკლამირება).  უკვე 150 მსურელი მყავს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

– წარმატებებს გისურვებთ!

– დიდი მადლობა! წელს განსაკუთრებით დამჭირდება...

ესაუბრა  თინა ღლონტი

1-lika-1 1-lika-2
1-lika-3 1-lika-4
1-lika-5 1-lika-6