პოლიტიკა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გივი თარგამაძის ექსტრადიციას მალე მოითხოვს

1-bolotnaia-targamazeსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. რფ-ის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ქართველი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე მონაწილეობას იღებდა ბოლოტნაიას მოედანზე მასობრივი არეულობების ორგანიზებაში და „კონკრეტული როლიც“ ეკისრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა lenta.ru ავრცელებს.

ამასთან, გამოძიების ვერსიით, თარგამაძე მოსკოვში „მილიონთა მარშის“ გამართვისას „ოპოზიციის ლიდერების მოქმედებათა უშუალო ხელმძღვანელობას“ ახორციელებდა (მოსკოვში ამ სახელწოდების სამი მარში გაიმართა: 6 მაისს, 12 ივნისსა და 15 სექტემბერს), თუმცა კონკრეტული ღონისძიება არ სახელდება.

რფ-ის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს ხანებში საქართველოში გაიგზავნება მოთხოვნა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით „სამართლებრივი დახმარების“ აღმოჩენის თაობაზე.

უწყების პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს პასუხს „მედიაში გამოქვეყნებულ მასალებზე რუსეთის ოპოზიციასთან გივი თარგამაძის კონტაქტების შესახებ“. „რაკიღა ეს მასალები მედიაში გამოჩნდა, რუსეთის საგამოძეიბო კომიტეტს შეუძლია მათი არსებობის დადასტურება“, – ნათქვამია ცნობაში.

სავარაუდოდ, გამომძიებლებმა გადაწყვიტეს, პასუხი გაეცათ Life News-ის პუბლიკაციაზე „თარგამაძე უდალცოვის ცოლს ოპოზიციის ლიდერობას სთავაზობდა“, სადაც მოთხრობილია, რომ თარგამაძეს სურდა, ანასტასია უდალცოვა ქმარზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა გამხდარიყო და მას 12 ივნისის „მილიონთა მარშზე“ ლიდერის როლს აკისრებდა. ამასთან, აღნიშნულ მასალაში ნათქვამია, რომ თარგამაძე კონსტანტინე ლებედევის მეშვეობით ხელმძღვანელობდა უდალცოვის მოქმედებებს 12 ივნისს.

Life News-მა ხსენებული პუბლიკაცია 13 დეკემბერს, 07:14 საათზე გამოაქვეყნა. რფ-ის საგამოძიებო კომიტეტის გამოხმაურება, სადაც ვიდეოკომენტარს უწყების წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი აკეთებს, მას 16 წუთში – 07:30 საათზე მოჰყვა.

გივი თარგამაძე ფიგურირებდა ფილმში „პროტესტის ანატომია-2“, რომლის მასალების მიხედვითაც საგამოძიებო კომიტეტმა შედეგად სისხლის სამართლის საქმე აღძრა. „მარცხენა ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი, ოპოზიციონერები ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინე ლებედევი რუსეთში მასობრივი არეულობების მოწყობაში დაადანაშაუელს. გამოძიების ვერსიით, 2012 წლის ივნისში ისინი მინსკში თარგამაძესთან შესახვედრად ჩავიდნენ დაფინანსების თაობაზე მოსალაპარაკებლად. ამჟამად რაზვოზჟაევი და ლებედევი დაკავებეული არიან. უდალცოვს კი ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს.

თავის მხრივ, გივი თარგამაძე რაიმე კავშირს რუსეთის პოლიტიკურ მოვლენებთან უარყოფს. მისი თქმით, იგი საერთოდ არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს.

თარგამაძე რომ ბოლოტნაიას მოედანზე შეჯახებებს აფინანსებდა, ნათქვამია რაზვოზჟაევის აღიარებით ჩვენებაშიც. თუმცა, ოდნავ მოგვიანებით ოპოზიციონერმა თავის ჩვენებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.