რედაქტორისგან
ირინა ენუქიძის მოძღვარი, დეკანოზი გრიგოლი: „მან მითხრა, რომ ის მოწამლეს!“

1-analitnew-irinaსაქინფორმის ჟურნალისტი შორენა სიხარულიძე ირინა ენუქიძის მოძღვარს – დეკანოზ გრიგოლს (გოგიჩაძეს) ესაუბრა, რომელმაც მას სანდრო გირგვლიანის დედის ანდერძი გადასცა!

მამა გრიგოლ, უპირველეს ყოვლისა, მადლობას გადაგიხდით, ჩვენთან საუბრის სურვილი კვლავ რომ გამოთქვით. ჩემთან ბოლო ინტერვიუში თქვენ მითხარით, რომ ირინა ენუქიძემ სიკვდილის წინ ანდერძი დაგიტოვათ და გთხოვათ, რომ ის ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლის შემთხვევაში გაგეცხადებინათ. თქვენ მაშინ პირობა მომეცით, რომ ამ საკითხზე და, საერთოდ, იმ პერიოდში ირინას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ექსკლუზიურ ინტევიუს მე მომცემდით. დღეს უკვე ქვეყანაში სხვა რეალობაა...გისმენთ...

(ხანგრძლივი დუმილი) ... იცით, ახლა დავფიქრდი და ვიგრძენი, რომ წარსულში დაბრუნება ძალიან მიმძიმს... ქალბატონი ირინა ნამდვილად ისტორიული პიროვნება იყო. ქართველი ქალის, დედის შეუპოვრობა, ბრძოლისუნარიანობა მასში უხვად იყო თავმოყრილი...

მტკივა იმ ღირსეული დედის გახსენება, რომელიც მარტოდმარტო ანთებული სანთელივით იწვოდა, იღვენთებოდა და სინათლეს აწვდიდა სხვა დედებს. ალბათ, ყველას გახსოვთ მისი სიტყვები: „ჩემი შვილის სიცოცხლე დასრულდა, მე ახლა თქვენი შვილებისთვის ვიბრძვი...“ მე ვერ ვიტყვი, რომ მისი ეს შეძახილი უშედეგო გამოდგა. იყო პერიოდები, როცა მარტო იბრძოდა, მარტო ცდილობდა სიმართლის კარის შეღებას, სადამდეც დიდი ბარიერები იყო აღმართული, თუმცა, არასოდეს დაუხევია უკან! ის ამაოდ არ მოუწოდებდა დედებს ბრძოლისაკენ, რადგან შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრმა დედამ ქალბატონი ირინას ხვედრი გაიზიარა – ბევრი ახალგაზრდა შეეწირა წინა ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ „ნულოვან ტოლერანტობას“ ციხეში, თუ გისოსებს მიღმა; განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ წინა ხელისუფლების დაუნდობელმა დამოკიდებულებამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მას არ ეძინა არც დღე და არც ღამე, სულ ბრძოლაში იყო და ამიტომ ვეუბნებოდი, ზიარება ხშირად მიეღო... ეს მას ძალას მისცემდა. იცით, მე უმეტესად ქალბატონ ირინას უფრო ვუსმენდი, ვიდრე რჩევებს ვაძლევდი, რადგან მას იმ წუთებში არავისი ესმოდა, მხოლოდ იმის მოლოდინში იყო, რომ მისთვის მოესმინათ, თითქოს კიდეც უსმენდნენ, მაგრამ ის გრძნობდა, რომ მთელი სიღრმით ცოტას თუ ესმოდა მისი...

...ახლა მახსენდება, იგი ამერიკის ელჩთან, პოლიტიკურ პარტიებსა თუ საელჩოებთან თავისი ტრაგედიის შესახებ საუბარს აპირებდა და მკითხა – მამაო, რას მირჩევთ, შევხვდე ამერიკის ელჩსო?.. მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ ამერიკის მხარდაჭერით იყო მოსული და, რა თქმა უნდა, ამერიკის საელჩო ამათ არაფერს ეტყოდა და ქალბატონ ირინას სიმართლის დადგენაში არ დაეხმარებოდა. ახლა პირველად ვამბობ ხმამაღლა – მე ვურჩიე, რომ იგი რუსეთის ელჩთანაც მისულიყო. მახსოვს, მან გაოცებულმა შემომხედა – მაშინ თითქოს შიშისგან რუსეთს არავინ ახსენებდა.

– როგორ გაიცანით ქალბატონი ირინა და, საერთოდ, როგორ დაახასიათებთ მას თქვენ, როგორც მისი მოძღვარი?

– მე მაშინ საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, წმინდა გიორგის ტაძარში, ვმსახურობდი. ყველას გახსოვთ, სანდრო 2006 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა. ირინას აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ არ ავიდოდა სანდროს საფლავზე, სანამ სამართალს არ მიაღწევდა. მისი ახლობლები უკვე ჩემი სულიერი შვილები იყვნენ და მათი პირით შევუთვალე, რომ ტაძარში უწმინდესი უნდა მობრძანდეს და თქვენც მოდით-მეთქი. ამან გადააფიქრებინა თავისი გადაწყვეტილება და სანდროს გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ტაძარში მოვიდა. ვაზიარეთ... ის ხშირად ამბობდა აღსარებას, მაგრამ შურისძიების ძალიან დიდი სურვილი ამოძრავებდა განა მხოლოდ იმიტომ, რომ მას შვილი ფიზიკურად გაუნადგურეს, არამედ იმიტომაც, რომ გარდაცვლილი სანდროს სახელს შეურაცხყოფდნენ და ამ გამწარებული დედის მორალურ განადგურებასაც ცდილობდნენ!

უწმინდესი ბრძანდებოდა სანდროს საფლავზე და ჩვენ მას ვაჩვენეთ ადგილი, სადაც ჩემი და ქალბატონი ირინას სურვილით, სანდროს სულის საცხოვნებლად ტაძარი უნდა აშენებულიყო. უწმინდესმა გვაკურთხა და დავიწყეთ ტაძრის მშენებლობა, რომლისთვისაც პირველი შესაწირიც, 500 ლარი, ირინამ გაიღო.

თავდაპირველად ტაძრის აშენებას წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელზე ვაპირებდით, მაგრამ შვილმკვდარ მშობლებს შორის, რომელთაც ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, განსხვავებული აზრი სუფევდა და ამიტომაც უწმიდესთან შეთანხმებით გადავწყვიტე, ტაძარი წმიდა ნინოს სახელზე აგვეგო...

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით საგანელიძეს (ახლა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი), უკეთილშობილეს პიროვნებას, რომელმაც ტაძრის მშენებლობის საქმეში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია და რომელიც ერთადერთი იყო, ვინც უამრავი პრობლემის მიუხედავად, გვერდით გვედგა. შემდეგ კი სხვა მადლიანი ადამიანებიც გამოჩნდნენ და ღვთის შეწევნითა და ამ ადამიანების ძალისხმევით, სანდროს სულის საცხოვნებლად, ეს ტაძარი აიგო.

აქვე გაგიმხელთ, რომ ჩემი უდიდესი სურვილია, ქალბატონი ირინას სულის საცხოვნებლად წმიდა ირინეს სახელობის ტაძარიც ავაგო. ადგილი უკვე შერჩეული გვაქვს და უფლის მადლით და მოწყალე ადამიანების ძალისხმევით, ეს ტაძარიც აიგება!

მახსოვს, ერთხელ ვერაზე ქალბატონი ირინას მშობლებთან ვიყავით და იქიდან ვბრუნდებოდით. სადღაც მელნიკოვი შეამჩნია. ერთი ის გავიგე, რომ მითხრა, გააჩერეო... როგორ გადმოვიდა მოძრავი მანქანიდან, არ მახსოვს; მოვიხედე და ის უკვე მანქანაში აღარ იყო. სადაც უნდა ყოფილიყო, თითქოს თვალებით ყოველთვის ეძებდა იმ რამდენიმე პიროვნებას, რომელნიც ეჭვმიტანილნი იყვნენ სანდროს მკვლელობაში. იგი 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა და 28 აგვისტოს, მარიამობას, დავკრძალეთ. თითქოს ესეც განსაკუთრებული დამთხვევა იყო, რომ მისი სხეული მიწას მარიამობას მივაბარეთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია მისი პატრონი, მის სულს დაიფარავს და უფალი შეიწირავს მის დედობრივ თავგანწირვას...

მე, როგორც მოძღვარი, ვცდილობდი, მისი ბრძოლა ქრისტიანულ ჩარჩოებში მომექცია, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო – ის უსაზღვროდ გამწარებული დედა იყო. ძალიან ძნელია, ქალს, რომელსაც ერთადერთი შვილი ასე სასტიკად მოუკლეს, მიმტევებლობაზე ელაპარაკო... მე მისი მხოლოდ მოძღვარი კი არა, მეგობარიც ვიყავი. როცა გაუსაძლის ტკივილს ვეღარ უძლებდა, უნდოდა, რომ ამოეთქვა და მე მხოლოდ ვუსმენდი ამ გამწარებული დედის ენით გამოუთქმელ გულის ამოძახილს. თუ დაიღლებოდა და რამეს შემეკითხებოდა, მერე ვცდილობდი, წამომეწყო ქრისტიანობაზე საუბარი. სხვანაირად ვერ ვახერხებდი მის შეჩერებას და ქრისტიანულად რაიმეს ახსნას.

მან ყველაფერი კარგად იცოდა და მიაჩნდა, რომ იმ წუთებში აუცილებელი იყო არა მოთმინება, არამედ ბრძოლა. თითქოს გრძნობდა, წინასწარ ჭვრეტდა, რომ ის ხელისუფლება კიდევ ბევრ დედას გაამწარებდა. როცა სანდროს გარდაცვალების შემდეგ ქალბატონი ირინა მოუწოდებდა დედებს და ოპოზიციონერებს, რომლებიც დღეს მთავრობაში არიან, რომ მის გვერდით დამდგარიყვნენ და ერთად ებრძოლათ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ ამას ძალიან ცოტა თუ ბედავდა. იყვნენ ადამიანები სხვადასხვა პარტიიდან (არ მინდა, ახლა მათ შევეხო), რომელთა მხრიდანაც ის ზედაპირულ დამოკიდებულებას გრძნობდა, თუმცა, ვერც მათ განსჯი მკაცრად – ალბათ, იმ დროს მეტი ძალა მათაც არ ჰქონდათ...

– სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და ირინა ენუქიძის ფაქტორმა სააკაშვილის ხელისუფლება მნიშვნელოვნად შეარყია. ირინა ენუქიძემ მართლაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს აღარაა ქალბატონი ირინა, სააკაშვილის ხელისუფლება კი „გედის უკანასკნელ სიმღერას მღერის“... თქვენ შემპირდით, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძის ანდერძს ექსკლუზიურად მე გამიმხელდით...

– იგი გრძნობდა, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ჰქონდა დარჩენილი... მან ზუსტად იცოდა, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ასე გალაშქრებას არ აპატიებდნენ. იმ დროს ხმას შვილმკვდარი მშობლების გარდა, თითქმის არავინ იღებდა. სანდრომდე ესენი იყვნენ  ბუტა რობაქიძის მშობლები, სანდროს მერე კი, 2006 წლის 2 მაისს ე.წ. კორტების ოპერაციის შემდეგ, ზურა ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი და, ასევე, გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე.

ქალბატონი ირინას გარდაცვალების შემდეგ ეს ოჯახები გაერთიანდა, შეძლეს ბრძოლის გაგრძელება. მათ, სამწუხაროდ, შემდეგ წლებში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გამწარებული ბევრი შვილმკვდარი მშობელი შეემატა... მერე იყო 2007 წლის 7 ნოემბერი, როცა ქართველი ერის დიდმა ნაწილმა ხმამაღალი პროტესტი გამოხატა ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, ქალბატონი ირინა ამას ვერ მოესწრო. მაგრამ ის მაიმედებს, რომ ირინა ენუქიძე ღირსეული მართლმადიდებელი დედის სახელით წავიდა ამ ქვეყნიდან.

ღმერთმა ადამიანი – ქალიც და კაციც, შექმნა იმიტომ, რომ გამრავლდნენ. მშობლებს არა მხოლოდ გამრავლება ევალებათ, არამედ შვილების დაცვაც. ირინა კი იყო ჭეშმარიტი დამცველი არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვისი შვილებისაც.

ის სულ მეუბნებოდა – მამაო, მე მომკლავენ, არ მაცოცხლებენო. როცა საპროტესტო აქციებს აწყობდა, ვეუბნებოდი, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ მპასუხობდა: „რა მაქვს დასაწყნარებელი, ვიცი, მომკლავენ და რაც მალე წავალ ჩემს შვილთან, მით უფრო ბედნიერი ვიქნები“...

...მან მითხრა, რომ ის მოწამლეს, თუმცა, მისი ოფიციალური დიაგნოზი პანკრეასის სიმსივნე იყო. საავადმყოფოში რაღაც პერიოდი გათიშული იყო, მერე გამოკეთდა; მე რამდენჯერმე ვიყავი მის სანახავად და როცა უკანასკნელად ვნახე, მითხრა: „მამაო, ამ ურჯულოებმა მეც მომკლეს ჩემი და სანდროს სულისთვის ილოცე... სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება - ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ესაა ჩემი უკანასკნელი სურვილი!“.

აი, ეს დამიტოვა ანდერძად. დარწმუნებული იყო, რომ ქართველი ხალხი გამოიღვიძებდა და სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვლებოდა, თუმცა, ძალიან გულნატკენი იყო, რომ მის შეძახილს საზოგადოების ფართო მასები არ გამოეხმაურა!

მე მჯერა, რომ ახალი ხელისუფლება ირინა ენუქიძის ამ უკანასკნელ სურვილს უგულისყუროდ არ დატოვებს და მისი მკვლელობის საქმეს ნათელი მოეფინება!

– ირინა ენუქიძე მოწამლეს და მოკლეს?.. თავად როგორ ხსნიდა ამას?

– არ ვიცი...

– კონკრეტულად, ჰქონდა ვინმეზე ეჭვი?

– კი... ჰქონდა... ამბობდა სახელებს, გვარებს, ვისგანაც, სავარაუდოდ, ამ საშინელებას მოელოდა... მაგრამ აქ მე ეჭვებს და ვარაუდებს ვერ გავაცხადებ...

– გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს მალე ნათელი მოეფინება...

– ქალბატონი ირინა დარწმუნებული იყო, რომ ახალი ხელისუფლება სანდროს საქმეს ობიექტურად გამოიძიებდა და მკვლელები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდნენ. მას სჯეროდა ახალი ხელისუფლების სამართლიანობის და ამიტომაც დაუტოვა უკანასკნელ სურვილად, რომ მისი მკვლელობის საქმეც გამოეძიათ და საზოგადოებისათვის განეცხადებინათ ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენნი.

ახლაც ყურში ჩამესმის მისი სიტყვები: „რა უნდა მიქნან? მომკლან? ეს ხომ ჩემთვის სიცოცხლეა!..“ისე ლამაზად და ვაჟკაცურად გამოთქვამდა ამ სიტყვებს...

– სანდროს მამასთან თუ გქონიათ ურთიერთობა, მამაო?

– დიახ, რა თქმა უნდა! ის ძალიან ძლიერი, კარგი პიროვნებაა, თუმცა, ბრძოლის უნარი ქალბატონ ირინაში უფრო მეტი ჩანდა. ირინა გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით დაჯილდოვებული ქალბატონი გახლდათ...

– თქვენ აღნიშნეთ, რომ როდესაც ის აპირებდა ამერიკის ელჩთან შეხვედრას და თავისი ტრაგედიის შესახებ მასთან საუბარს, თქვენ მას ურჩიეთ, რუსეთის საელჩოში წასულიყო. დავუშვათ, მისულიყო რუსეთის ელჩთან, განა ეს გამოძიების ობიექტურობის თვალსაზრისით რამეს შეცვლიდა?

მე ვფიქრობ, რომ ისინი უკეთ გააგებინებდნენ ამერიკელებსა და ევროპელებს, რომ  მათ მიერ  მხარდაჭერილმა სააკაშვილის რეჟიმმა ასეთი საზარელი დანაშაული ჩაიდინა. მათ შეეძლოთ, ეს ტრაგედია სწორად დაენახვებინათ დასავლეთისთვის... მე ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე მივიჩნევ. და, საერთოდ, მიმაჩნია, რომ რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია...

– მამაო, თქვენ ახსენეთ ირინასა და შვილმკვდარი დედების ძალისხმევით აშენებული წმიდა ნინოს სახელობის  ტაძარი, რატომ არ მსახურობთ იქ? ჩემთან წინა ინტერვიუებში განაცხადეთ, რომ იმ ტაძრის დატოვება გაიძულეს, თქვენზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზეც ხმამაღლა საუბრობდით. რა არ გაპატიეს – ირინა ენუქიძის მოძღვრობა?

– საქართველოს ეკლესიაში უიშვიათესად ნახავთ პრეცედენტს, რომ მოძღვარმა ტაძარი ააშენოს და მერე ის დატოვოს. მე, ყოველ შემთხვევისთვის, ახლო ისტორიაში ასეთი რამ არ მახსოვს. მე ირინას მოძღვარი ვიყავი და სასამართლოებზე მას მარტო არ ვუშვებდი, ჩემი მანქანით დავდიოდით, რადგან ჯაბა ჯიშკარიანს, გოგიჩაიშვილს, ჩხარტიშვილს და ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც ირინას გვერდით ედგნენ, ხშირად იჭერდნენ და სხვადასხვა რაიონის პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ, ირინა კი ცდილობდა, იქ ყოფილიყო, სადაც ეს ახალგაზრდები ჰყავდათ, რომ მათთვის რაიმე ზიანი არ მიეყენებინათ.

რა თქმა უნდა, მე მას მარტო ვერ დავტოვებდი – თითქოს ჩემ გვერდით თავს უფრო დაცულად გრძნობდა. ამიტომაც მეუბნებოდა, რომ მე მისი მხოლოდ მოძღვარი კი არა, მეგობარიც ვიყავი. მე კი მისთვის მეგობრობის გაწევას მისი თანადგომით  ვცდილობდი. ბედნიერი ვიყავი და ვარ, რომ ასეთი ადამიანი მეგობარს მიწოდებდა.

– ანუ, თქვენ მიერ აშენებული ტაძრიდან თქვენი გამოშვება პოლიტიკურად იყო მოტივირებული?

– რა თქმა უნდა! ეს იყო, ალბათ, ნაწილობრივ ჩემი სისუსტეც, მაგრამ უფრო მეტად – პოლიტიკური მიზეზი...

– თქვენს სისუსტეში რას გულისხმობთ?

ყველა ადამიანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, მეც არაფრით ვარ ვინმეზე უკეთესი და მეც მაქვს ჩემი სისუსტეები. მაგრამ აქ უფრო მეტად არა ჩემმა ადამიანურმა სისუსტეებმა, არამედ პოლიტიკამ სძლია...სპეცსამსახურების მხრიდან იყო არაერთი მცდელობა, რომ ირინასგან შორს ვყოფილიყავი. სამწუხაროა, რომ ბევრ სასულიერო პირსაც არ სიამოვნებდა ჩემი ირინას მიმართ ასეთი თანადგომა და ამას ხმამაღლა გამოხატავდა.

...მოძღვრობა მხოლოდ ის არაა, შენთან მოსული ადამიანის აღსარება ჩაიბარო და ზიარება მისცე; მას, როგორც შენს შვილს, შენს დედას, ისე უნდა მოექცე... მე კი ირინას უდიდეს ადამიანად მივიჩნევდი, ძალიან მიხაროდა მის გვერდით ყოფნა, მისი თანადგომა, ნუგეშისცემა და არ მანაღვლებდა, რას ფიქრობდნენ ამაზე, თუნდაც, სასულიერო პირები – დიდი თუ პატარა იერარქები, სპეცსამსახურები ხომ –  მით უმეტეს...

– მამაო, თქვენ არა მხოლოდ თქვენ მიერ აშენებული წმიდა ნინოს სახელობის ტაძრიდან, არამედ სამების საპატრიარქო ტაძრიდანაც წამოხვედით, თუ გამოგიშვეს... ახლა სად ხართ? მღვდლისთვის წირვა-ლოცვის გარეშე ყოფნა ხომ ძალიან მძიმეა?!.

ძალიან მიჭირს ტაძრის გარეშე ყოფნა... სხვადასხვა ტაძრებში ვესწრები წირვა-ლოცვას... რაც ნაციონალური ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 9 წლის განმავლობაში მე, როგორც სასულიერო პირი, ძალიან ბევრ სირთულეს ვაწყდებოდი. ღვთის წყალობით, გადავრჩი, თუმცა, სულიერად მაინც ძალიან დავმძიმდი... ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარე, ურთულესი დღეები მქონდა... მადლობა უფალს ყველაფრისათვის!..

ზემოთ მოგახსენეთ, რომ სანდროს სულის საცხოვნებლად წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი ავაშენე. ვფიქრობდი, რომ იქ ვიმსახურებდი, მაგრამ დღეს ტაძრის გარეშე ვარ!.. ლონდონში წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია გავხსენი, იქიდანაც გამომიშვეს – რუსებთან კარგი ურთიერთობა გაქვსო...

მაშინ გიგა ბოკერია აკონტროლებდა საგარეო პოლიტიკას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ჩემზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა და სხვა გზა არ მქონდა – გავხსენი თუ არა ტაძარი, მაიძულეს, წამოვსულიყავი!

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ლონდონის რუსულ ყოველთა წმიდათა სახელობის ეკლესიას, მღვდელმთავრებს, მოძღვრებს დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქართული ტაძრის გახსნაში.

– ლონდონის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ქართული ტაძრის გახსნაში გეხმარებოდათ?

თანაც, ეს დახმარება საკმაოდ დიდი იყო – ფინანსური, მორალური, ძმური თანადგომა!  ლონდონში რუსული ეკლესია ყველა ქართველს გვერდით ედგა და დღესაც უდგას.

ძალიან მოულოდნელად წამოვედი ლონდონიდან. პასპორტიც კი არ დამიტოვეს, ორწლიანი ვიზაც და ჩემი პასპორტიც გააქრეს...

– მამაო, რა საოცარ რამეს ამბობთ – ვინ წაიღო თქვენი პასპორტი?

საპატრიარქოდან დამირეკეს სხვადასხვა პიროვნებებმა, რომ პასპორტი უნდა დამებრუნებინა. თავდაპირველად არ ვთანხმდებოდი, რადგან შეურაცხყოფად მივიჩნევდი – მადლობის ნაცვლად ჩემი სახელის შებღალვას ცდილობდნენ, მაგრამ მერე დავუბრუნე და იმის შემდეგ ჩემი პასპორტის არაფერი ვიცი...

ჩემი ღირსების შელახვა ამით არ დასრულებულა – „TV იმედის“ სიუჟეტი ჩემ წინააღმდეგ სოფელ ვარიანში აგორებული ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ, ალბათ, საზოგადოებას კარგად ახსოვს – თითქოს მიწა ვიყიდე და ხალხს ფული არ გადავუხადე; სოფლის რამდენიმე მცხოვრებიც დამიპირისპირეს, ხელი შემიშალეს ყველა სამეურნეო საქმეში, ფერმაც კი დამიწვეს... თბილისისკენ მომავალს ჩემს მანქანას გზაზე სპეცრაზმის „პიკაპის“ ჯიპი გადაუდგა, გზის სავალი ნაწილიდან გადამაგდო და სიკვდილს ძვლივს გადავრჩი... ლონდონიდან რომ დავბრუნდი, სახლი გამიტეხეს და შემოწირულობები –  ფული თუ ოქრო წაიღეს...

...ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ შვილმკვდარმა მშობლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა თხოვნით მომმართეს, ბატონი ბიძინასა და მისი ოჯახისთვის ყოველკვირეული საჯანმრთელო პარაკლისები გადამეხადა. მივედით უწმიდესთან, მან მოგვცა ამაზე კურთხევა და პარაკლისს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში ყოველ კვირას, წირვის შემდეგ, აღვავლენდი. ამის გამო ჩემ წინააღმდეგ სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი საერო თუ სასულიერო პირების მხრიდან დაფარული თუ დაუფარავი ბრძოლა უფრო გამძაფრდა – სხვადასხვა გზით ცდილობდნენ ჩემი სამების საპატრიარქო ტაძრიდან გათავისუფლებას; ამ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლები ვარიანში ჩემი ხშირი „სტუმრები“ იყვნენ და ხან ტელეფონით, ხან შუამავლების საშუალებით ჩემს შეჩერებას ცდილობდნენ. შემდეგ, ღმერთის წყალობით, ხელისუფლებაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მოვიდა და ცოტა ამოვისუნთქე კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლები იმდენად არ მაწუხებენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან საერო თუ სასულიერო პირები, დიდი თუ პატარა იერარქები, რომელთა მხრიდანაც დღეს ჩემი დევნა-შევიწროება ისევ გრძელდება... მაგრამ დღეს ამ საკითხზე თქვენთან არ ვისაუბრებ, რადგან იმედს ვიტოვებ, რომ ეს დროებითია!

იცით, ირინა ენუქიძის გვერდით დგომის გამო მე პოლიტიკაში ჩართულად აღმიქვეს, ეს მეტ-ნაკლებად ასეც იყო, მაგრამ ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ ამის გამო ამდენი სიმძიმე და სირთულე შემხვდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ასეთი ადამიანის გვერდით ვიდექი და მისი მოძღვარი და მეგობარი ვიყავი და ვარ დღესაც... ქრისტიანები ხომ არ კვდებიან?!.

...1 ოქტომბერს, გვიან საღამოს, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავზე ავედი, გამარჯვება მივულოცე და პანაშვიდი გადავუხადე! 1 ოქტომბერს ხომ არა მხოლოდ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ გამწარებული და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების, არამედ მათ მიერ მოკლულთა ოცნებაც ასრულდა!

დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ირინას უკანასკნელ სურვილს ახალი ხელისუფლება აუცილებლად გულისყურით მოეკიდება და მისი მკვლელობის საქმეც გაიხსნება!

– დაგვლოცეთ, მამაო...

ახლა საშობაო მარხვაა, რომელიც უფლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულით უნდა დაგვირგვინდეს. შობის მადლი გეწეოდეთ თქვენ, თქვენს მკითხველებს, სრულიად საქართველოს და ყოველ მართლმადიდებელ ერს! ამინ!

საქინფორმი