პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს – საქინფორმის საგანგებო მიმართვა

1-analNEW-redaqსაქინფორმის საგანგებო მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გამოამჟღავნა რამდენიმე ათეული ბოროტმოქმედისა და სამი ორგანიზაციისაგან შემდგარი დივერსიული ჯგუფი, რომელიც მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დავალებითა და მის ინტერესებში, შინაგან საქმეთა ყოფილი ხელმძღვანელობის მფარველობით, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობით და ფინანსდება საქართველოს ყოფილი მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლიდან, მათ შორის – „დახურული“ მუხლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს ხაზით, რომლის დაფინანსებას საიდუმლო ოპერაციებზე მიმართული 16 მილიონი შეადგენს.

ჟურნალისტური გამოძიების მასალები, მოკლედ აღწერილი 177 გვერდზე და 13 ფაილად ჩაწერილი CD-დისკზე (მრავალრიცხოვანი ბმულებითა და ფოტოებით), ამომწურავ ინფორმაციას შეიცავს კონკრეტული ადამიანებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მეთოდურად უთხრიდნენ ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ხოლო ბოლო წელიწადს და დღეს მიზანმიმართულად და, სამწუხაროდ, პროდუქტიულად მოქმედებენ ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ – კონკრეტულად თქვენი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის, და თქვენი ოჯახის წინააღმდეგ, თქვენი მთავრობის – კონკრეტული მინისტრების, საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ზემოხსენებული ჟურნალისტური გამოძიების ყველა დოკუმენტური მასალა საქინფორმმა შეიტანა საქართველოს მთავარ პროკურატურაში – მთავარი პროკურორის – არჩილ კბილაშვილის, სახელზე – 2012 წლის 1 ნოემბერს (№01/13 – 65928) და 2012 წლის 3 დეკემბერს (№ 01/13 – 78050), აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში – იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე – 2012 წლის 3 დეკემბერს (№ 01/78055).

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

იმასთან დაკავშირებით, რომ საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიების ვრცელ მასალებში ფიგურირებს ბევრი ცნობილი პირი და მაღალჩინოსანი – მათ შორის, დღეს მოქმედი მაღალი რანგისა და წოდების მოხელეები, დაბეჯითებით გთხოვთ, საქმე თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ, რათა მასალები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება, უნებლიეთ ან საგანგებოდ არ მოხვდეს გამოსაძიებლად სამართალდამცავი სტრუქტურების არასათანადო დონის  არაკომპეტენტურ თანამშრომლებთან, რომლებიც, ამასთან, წინა ხელისუფლების მიერ არიან დანიშნული და ადრე მის ყველა უკანონო დაკვეთას ასრულებდნენ.

ღრმა პატივისცემით,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ რედაქცია
საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

12.12.2012
თბილისი