დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლის მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც დიდია საპარლამენტო უმცირესობაში გადასული „ნაცმოძრაობის“ უსამართლო რეჟიმისადმი პროტესტი. მითუფრო, მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ტელევიზიიდან ყოფილი ხელისუფლების ოდიოზური სახეები კვლავინდებურად ყოველდღიურად ჩნდებიან ტელეეკრანებზე და ურცხვად საუბრობენ ახალი ხელისუფლებისგან მათ (ნაციონალების) მიმართ პოლიტიკურ დევნაზე. არადა, საზოგადოებისა და ხალხის მოთხოვნაცა და ახალი პოლიტიკური ძალის გამარჯვების უმთავრესი მიზეზიც სწორედ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისა და მის მიერ ხალხის მიმართ ჩადენილი უსამართლო დანაშულებების მიმართ არჩევნებით გამოხატული საყოველთაო პროტესტი და სამართლინობის აღდგენის მოთხოვნა იყო.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივ სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიცია არსებობს, რამდენადაც ზოგი მათგანი ჯერ კიდევ 2003 წლიდან აქტიურად იღწვოდა სწორედ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ხელისუფლებაში მოსაყვანად, ნაწილი კი „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი დამფინანსებლის, ფილანტროპისა და მილიონერის, ჯორჯ სოროსის, ფრთის ქვეშ მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებია; ზოგიც ჯერ კიდევ პირადად „ნაცმოძრაობის“ სამსახურში მდგომი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ბევრია საინფორმაციო სივრცეში ტელევიზიების მეშვეობით გაპიარებული „ცნობადი სახეებიც, ექსპერტებიცა და პოლიტოლოგებიც“, და არა რეალურად საზოგადოების უმრავლესობის აზრის გამომხატველი პროფესიონალი პიროვნებები.
შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველ საზოგადოებას მისი რეალური მოთხოვნილებების გამხმოვანებელი საზოგადოებრივი სექტორი, გნებავთ, ქართველი საზოგადოების ინტერესების გამომხატველი არასამთავრობო ორგანიზაცია, აქამდე არ ჰყოლია. არადა, ნებისმიერ ხელისუფლებას, იქნება ეს რევოლუციისა თუ დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული, სწორედ (მოუსყიდავი და პროფესიონალი) საზოგადოების მხრიდან ესაჭიროება მონიტორინგი და ზედამხედველობა, რათა ძალაუფლების ეშხში შესულს, აწ უკვე ახალ ხელისუფლებასაც, იგივე არ დაემართოს (არასამართლებრივი გზითა და მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად) და არ გააგრძელოს ქვეყნის მართვა. მითუფრო, რომ ქართველი საზოგადოება ახალ ხელისუფლებაშიც ძველი ხელისუფლების არაერთ ყოფილ „სახესა“ თუ თანამოაზრესაც ხედავს.
სწორედ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების სხვადასხვა სფეროს (დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე; საარჩევნო პროცესებზე; მედიაზე; განათლებაზე; კულტურის (კულტურული მემკვიდრეობის) დაცვაზე; სამედიცინო სფეროს სრულფასოვან განვითარებაზე; სოფლის მეურნეობის ჯეროვან აღორძინებაზე; სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის შესრულებაზე; სკოლებში გოგებაშვილის „დედაენისა“ და საქართველოს ისტორიის სწავლების დაბრუნებაზე) კონტროლის (მონიტორინგის) მიზნით, 2012 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს კურთხევით დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“.
მოძრაობის დაფუძნების ინიციატორი პოეტი რეზო ამაშუკელი გახლდათ. მოძრაობის საზოგადოებრივ დარბაზში გაერთიანებულია არაერთი ცნობილი და პროფესიონალი პიროვნება, ადამიანები, რომელთაც თავისი მოღვაწეობის მანძილზე ქვეყნისთვის ღირებული და პროფესიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით; ვისაც მომავალში ამა თუ იმ სფეროში ინიციატიცებისა და პროექტების განვითარებისას უნდა დაეკითხოს საქართველოს ახალი ხელისუფლებაც.
მოძრაობის ამოცანებსა და მიზნებში, ჩამოთვლილი სფეროების მონიტორინგთან ერთად, ვკითხულობთ: „მოძრაობის მიზანია ილია ჭავჭავაძის „საერთო ნიადაგის“ თეორიის, როგორც ქართული პოლიტიკური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი საფუძვლის, სახელისუფლებო ორგანოებისთვის რეკომენდაციად შემუშავება, რაც გულისხმობს: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის; დარგობრივი კონცეფციების; საქართველოს ბუნებრივ-ისტორიული განვითარების მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებას; საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობას... გლობალიზაციისა და მსოფლიო ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებსა და ფასეულობებთან მისადაგებით, საქართველოში 1. სოციალურ-პოლიტიკური და ეთნიკურ-რელიგიური კონფლიქტების წარმოშობის მიზეზების სისტემური ანალიზით პრობლემების აღმოფხვრის ხელშეწყობა; ამ მიზნით, ეთნოკონფლიქტების საკითხში სახალხო დიპლომატიის ჩართვითა და სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ქვეყნის უმტკივნეულესი საკითხის – ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების ხელშეწყობა... ეროვნული ზნეობის, მორალისა და საქართველოს ბუნებრივ-ისტორიული განვითარების გზით – კონსტიტუციით გათვალისწინებული ღირებულებებისა და უფლებების დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა... ქართული სახელმწიფოს მრავალეთნიკური შემადგენლობიდან გამომდინარე, საქართველოში მცხოვრები დიასპორების საქართველოს მოქალაქეების, ქართულ კულტურულ-ეთნიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა... მოძრაობის კრების მიერ დასახელებული დამსახურებული და ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწე პირების, პროფესორ-მეცნიერთა მეშვეობით, ევროპული და მონათესავე ქრისტიანულ სამყაროსთან კულტურულ-ისტორიული და ეკონომიკური კავშირების აღდგენა-გაღრმავება; საზოგადოებრივი ინიციატიცების, პროექტებისა და პროგრამების მხარდაჭერა... ქვეყნის დემოგრაგიული მაჩვენებლის ზრდისა და საქართველოსთვის ჯანმრთელი გენოფონდის აღზრდაზე ზრუნვა.
მოძრაობის წევრად გახდომა შეუძლია როგორც – საქართველოს, ისე სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, განურჩევლად მისი ეთნიკურ-რელიგიური და პოლიტიკური კუთვნილებისა, რომელიც აღიარებს წინამდებარე წესდებას, იზიარებს მოძრაობის დეკლარირებულ მიზნებსა და მონაწილეობას მიიღებს მოძრაობის საქმიანობაში“.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ გაფართოებული შეხვედრა აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ა.წ. 7 დეკემბერს ჩატარდა. მას ქართველი საზოგადოების მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა დაესწრო როგორც დედაქალაქიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მოძრაობის ინიციატივას – „ერთიანი, მრავალეროვანი, ძლიერი და ტრადიციული ქართველი საზოგადოებრივი სექტორის შექმნის თაობაზე“, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს შორის ურთიერთობების აღდგენას, უკვე გამოეხმაურა „ქართულ-ოსური საზოგადოება“. მის საპატიო თავმჯდომარედ დაუსწრებლად უკვე აირჩიეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ თავმჯდომარე რეზო ამაშუკელი.
ასე რომ, პირველი ყინული დაიძრა და რაც ვერ (თუ არ) შეძლო წინა ხელისუფლებამ და მისმა პოლიტიკამ (საქართველოს ისტორიული მიწაწყლისა და მასზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საქართველოსკენ შემობრუნება), იმედს ვიტოვებთ, რომ სახალხო დიპლომატიის მეშვეობით მოახერხებს და შეძლებს ისეთი ფართომასშტაბიანი და პერსპექტიული საზოგადოებრივი მოძრაობა, როგორიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ სახით დაფუძნდა.
მოძრაობაში გაწევრების მრავალრიცხოვან მსურველთა მოთხოვნის გათვალისწინებით, მოძრაობის ოფისის ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ტელეფონების შესახებ პრესისა და მედიის მეშვეობით უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება.