პოლიტიკა
საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას აფასებს და მას ნაყოფიერს უწოდებს.
ნატოს ორდღიანი მინისტერიალი ბრიუსელში, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც მონაწილეობდა, გუშინ დასრულდა.
გუშინვე, ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ანდერს ფოგ რასმუსენმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის პასუხად, განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას.
„საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას და დაპატიმრებულ ხალხს სრული საპროცესო უფლებების გარანტია მიეცეს, რათა ეს შემთხვევები არ იყოს აღქმული როგორც პოლიტიკური დევნა. ასეთი აღქმა კი უკიდურესად საზიანო იქნება“, – აღნიშნა რასმუსენმა.