პოლიტიკა
ფანჯიკიძე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

1-fanjiki-politikaaa2საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსსა და ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ უილიამ ჰეიგს შეხვდა. მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა უნგრეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, რუმინეთისა და ლატვიის საქმეთა მინისტრებთან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის – ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დღეს მაპ-ის მიცემის საკითხი არ განიხილებოდა და საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, საქართველოში მოელიან საპრეზიდენტო არჩევნების ასევე დემოკრატიულად ჩატარებას.

მინისტრის თქმით, „ბატონი რასმუსენის განცხადება ძალზე დადებითი იყო საქართველოსთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ძალიან კარგი პარტნიორი და იგი ელოდება ხვალ საქართველოსა და ნატოს კომისიის სხდომას“.  ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ქართული დელეგაცია ამ შეხვედრისთვის მომზადებული ჩავიდა და წარდგებიან მოხსენებით, რომელშიც ისაუბრებენ საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.

მისი თქმით, დღევანდელ  ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო არა მხოლოდ ნატოს, არამედ ყველა იმ თემას, რომელიც აქტუალურია ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა ქვეყნებთან. „ეს შეხვედრები კიდევ გრძელდება. ეს არის გამოყენება იმ შანსისა, რომ აქ არის ნატოსა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ამდენი საგარეო საქმეთა მინისტრი  და, უბრალოდ, ამ ფორმატში ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდეთ“.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, „იყო საუბარი ბილატერალურ ურთიერთობებზე – მათი მხრიდან იყო კითხვები, თუ როგორ გაგრძელდება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ, ამავე დროს, აინტერესებდათ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის დალაგება“.

ხვალინდელ ISAF-ის მნიშვნელოვან შეხვედრასთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „საქართველო ერთგული რჩება თავისი საერთაშორისო ვალდებულებებისა – რომ წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოების საქმეში. ავღანეთის სხდომაზე სწორედ ამ მთავარი გზავნილით ვარ ხვალ. ამასთან, იქნება საუბარი იმაზე, რა როლს შეიტანს საქართველო 2014 წლის შემდეგ ავღანეთის ოპერაციაში, რომელიც შეიცვლის ფორმატს“.