საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს უშიშროების ყოფილმა შეფმა იგორ გიორგაძემ საქართველოში მისი დაბრუნების თაობაზე საქართველოს პროკურატურას მიმართა. ამის შესახებ მან რუსეთ-საქართველოს ტელეხიდის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ მისმა ადვოკატმა შესაბამისი მიმართვა პროკურატურას უკვე გადასცა. უშიშროების ექს-მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მან უკვე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს და სათავეში ჩაუდგება 2006 წლამდე მოქმედ პარტია „სამართლიანობას“.
გიორგაძე გამოეხმაურა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც და განაცხადა, რომ შევარდნაძემ და სააკაშილმა დე ფაქტო და დე იურე წერტილი დაუსვეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, „ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება. ჩვენ ვიწყებთ არა ნულიდან, არამედ – მინუს ათასიდან. მე მივესალმები რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, თუმცა იმ ზიანმა, რაც მიაყენა სააკაშვილის მთავრობამ ამ ურთიერთობებს, ჩიხში შეიყვანა ეს და იქიდან გამოსასვლელად აუცილებელია თვეები და წლები“.
უშიშროების ექს-მინისტრის შეფასებით, ყველა დაკავება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ხორციელდება, მოქცეულია კანონიერების ფარგლებში და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ემსახურება.