პოლიტიკა
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: „ნუ დაადგებით უკრაინის გზას“

1-nulandi-politika2საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 29 ნოემბერს, ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შეხვედრის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, სადაც მხარეებმა განიხილეს საგარეო პოლიტიკის პრინციპები, რომლებითაც საქართველოს ახალი ხელისუფლება იხელმძღვანელებს.

„ძალიან გაგვახარა და დიდი იმედი ჩაგვისახა იმან, რაც მოვისმინეთ. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჟენევის პროცესისთვის მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრას“, – აღნიშნა ნულანდმა.

„გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტ სკოტ სტერნსის ცნობით, ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობის მთავარი გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი იყო: „ნუ დაადგებით უკრაინის გზას. ნუ გადაიქცევით უკრაინად“. კორესპონდენტის თქმით, ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილის მთავრობისა და პარტიის 29 წევრის დაკავებას უკავშირდებოდა.

„თქვენ მოისმინეთ სახელმწიფო მდივნის კომენტარები საქართველოს დემოკრატიისთვის ჩვენი სერიოზული თანადგომისა და ამ კონტექსტში მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე. ამავე კონტექსტში მოგიწოდებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებისაკენ, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობისა და ტრანსპარენტობის საკითხში, რათა გადაკვრითაც არაფერი იყოს ნათქვამი სასამართლო პროცესების პოლიტიკურ მოტივირებულობასა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნულანდმა და იქვე დასძინა, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დაიწყო და დამთავრდა რწმუნებით, რომ აღნიშნულ საქმეებს მოეკიდებიან იმის სრული გაცნობიერებით, რომ მათ თვალყურს ადევნებს მთელი მსოფლიო“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივნის პრესმდივანმა.