საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
რუბინმა აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და მოდლობა გადაუხადა ქართულ კონტინგენტს ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. რუბინმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებებს ამ გზაზე და ქვეყნის მიერ დასახული მიზნების მიღწევის საქმეში თანამშრომლობისა და მხარდაჭერის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
პრეზიდენტმა და ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება დაუთმეს ჟენევის პროცესსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების საკითხსაც. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ ყველა მოლაპარაკებაში მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა საქართველოში დემოკრატიის ნორმების შესაბამისად ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარების პროცესი. „საქართველოს განვითარებაში აშშ ყურადღებით დააკვირდება და შეაფასებს იმ პროცესებს, რომლებიც ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემის პროცესის შემდგომ ხდება“, – განაცხადა ერიკ რუბინმა.