პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი: „ჩვენ მზად ვართ დიალოგისათვის საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან“

1-interv-medvedevსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. „მოსკოვის დიალოგი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან შესაძლებელია არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისიწნებით“, – განუცხადა გამოცემა „კომერსანტს“ რფ-ის მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა.

„ეს ყველაზე იოლი გზა როდია, თუმცა, რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ მზად ვართ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისათვის, მაგრამ, ცხადია, არსებული გეოპოლიტიკური რეალიებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით“, – განაცხადა მან გამოცემასთან ინტერვიუში.

კითხვის პასუხად, მზადაა თუ არა იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება გულდასმით ადევნებს თვალს ამ ქვეყნიდან წამოსულ სიგნალებს და იქვე განმარტა, რომ უწინ შეუძლებლად მიაჩნდა მხოლოდ სააკაშვილთან დიალოგი.

„ერთხელ როგორღაც ვთქვი, რომ ერთადერთი, ვისთანაც მზად არ ვარ ერთ მაგიდასთან დასაჯდომად, მიხეილ სააკაშვილია. მან დაიწყო ომი, ჩაიდინა დანაშაული, პირველ რიგში ქართველი ხალხის წინაშე, სხვა ხალხების წინაშე, რომელთა მოქალაქეების სიკვდილშიც დამნაშავეა. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კი უკვე პოლიტიკოსთა სხვა თაობაა, დავაკვირდებით მის რეალურ მოქმედებებს. იქიდან რაღაც სიგნალები მოდის იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა კონტაქტების დამყარება, მართალია, ჯერ არა – დიპლომატიურ დონეზე, თუმცა, შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ, და არა რუსეთის ფედერაციამ, გაწყვიტა. ყურადღებით მოვეკიდებით ამ სიგნალებს. ცუდს ვერაფერს  ვხედავ იმაში, რომ ჰუმანიტარული ურთიერთობები აღვადგინოთ, ჩვენი თვითმფრინავები აქეთ-იქით დაფრინავს, ხალხს შორის კონტაქტია, კულტურული კავშირები შენარჩუნებულია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც შეიძლება აღდგეს...“, – აღნიშნა რფ-ის პრემიერ-მინისტრმა.