ბიძინა ივანიშვილი: "ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომ ვთქვა, ნეიტრალიტეტისთვის ვიბრძოლებ-მეთქი, - ამის იმედი ნუ გვექნება".
ჯუმბერ კირვალიძე: "ნეიტრალიტეტისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ", ბატონო ბიძინა, არამედ - საქართველოს გამთლიანებისათვის. აბა ისე, რა საჭიროა ნეიტრალიტეტი, თუ მისი მეშვეობით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვერ დავიბრუნეთ?! ამის მისაღწევად კი, ნეიტრალიტეტის, როგორც საშუალების და მეთოდის გამოყენება, ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოირიცხოს".პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში, თავის წლევანდელ გამოსვლაში საერთოდ არ შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ პრობლემასთან მიმართებაში სააკაშვილის და მისი ხელისუფლების რესურსი ნულის ტოლია. ამასწინათ კი, მან განაცხადა: "მზად ვარ მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი და ჩემი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე" - სააკაშვილს ეს რომ გაეკეთებინა, ანუ გადამდგარიყო თანამდებობიდან 2008 წლის 26 აგვისტომდე (12 აგვისტოს დაიდო სარკოზი -მედვედევის შეთანხმება), როდესაც რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა აღიარა", მაშინ, მართლაც არსებობდა ალბათობა, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. სააკაშვილს 2 კვირა (12 აგვისტოდან – 26 აგვისტომდე) ჰქონდა დრო მოსაფიქრებლად, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, ვერ შეელია თანამდებობას. უფრო მეტიც, მედვედევი - სარკოზის მიერ შედგენილ 6 პუნქტიან გეგმას - 3 პუნქტი დაემატა, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა 8 სექტემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა".
დღესაც ცრუობს, მას უნდა ქართველ ხალხს თავი მოაჩვენოს "თავდადებულ გმირად", მაგრამ უკვე გვიანაა, მან კარგად იცის, რომ რუსეთი (პუტინი) სააკაშვილს არც დაელაპარაკება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტა, მხოლოდ ახალ ხელისუფლებას შეეძლება და მთელი იმედები ბიძინა ივანიშვილზეა.
დღეს, ქართული სახელმწიფოს მთავარი პრობლემაა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანების და 400 000 დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხი. ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით უნდა ვაწარმოოთ მრავალვექტორიანი საგარეო, გამჭირვალე, ორმხრივ ნდობაზე დამყარებული პოლიტიკა, რომელიც სრულად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მის ევროპულ ორიენტაციას, აგრეთვე, უზრუნველყოფს სახელმწიფო სუვერენიტეტის შეუვალობას და ქვეყნის უსაფრთხოებას.
სააკაშვილის უგუნურმა ქმედებებმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ, ამერიკისა და რუსეთის გეოსტრატეგიულ დაპირისპირებაზე "გათვლილმა" პოლიტიკამ გამოუსწორებელი შედეგები მოუტანა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში, რის შედეგადაც რუსეთმა "აღიარა" საქართველოს სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებლობა". მანამდე კი, დაგომისისა და მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებების შედეგად რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც ფიქსირდებოდა ყველა საერთაშორისო დოკუმენტებში და ფორუმებზე. სანამ სააკაშვილი, ბოკერია და "ძმანი მათნი" არიან ხელისუფლებაში, მანამდე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდება.
როდესაც "ნაციონალები" საუბრობენ "თავისუფალი არჩევანის" უფლებაზე, ავიწყდებათ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქ მცხოვრები აფხაზები და ოსები არ ავლენენ არანაირ სურვილს, რომ ქართველებთან ერთად იცხოვრონ ერთიან საქართველოში, ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ "კომპრომისული არჩევანის" საშუალებით.
ნათელია, რომ მესამედ გაპრეზიდენტებული პუტინი, "თავის გადაფურთხებულს არ ალოკავს", ანუ, იგი არ მოახდენს ჩვენი სეპარატისტული პროვინციების "დამოუკიდებლობის" დეზავუირებას, თუ, საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან არ იქნება შეთავაზებული კონფლიქტების მოგვარების კომპრომისული სტრატეგია, რომლის აქტიური, პარიტეტული მონაწილე გახდება დასავლეთი. რუსეთმა, თუ არ გააუქმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარება", მაშინ, საქართველოს სუვერენიტეტი და ქვეყნის გამთლიანება მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი გააგრძელებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებლობის" არაღიარების პოლიტიკას.
ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ აფხაზები და ოსები უარს არ იტყვიან "დამოუკიდებლობაზე", თუ მათზე რუსეთმა არ მოახდინა "ზემოქმედება", რის შედეგადაც ისინი ერთიანი საქართველოს სუბიექტები გახდებიან. ვერც პროამერიკული და ვერც პრორუსული ორიენტაცია ვერ შეძლებს უზრუნველყოს საქართველოს დეოკუპაცია, გამთლიანება და უსაფრთხოება. საქართველო არ უნდა ეცადოს "დააჯახოს" ერთმანეთს ბირთვული ზესახელმწიფოები, ამერიკა და რუსეთი, ამით ჩვენს ქვეყანას ვერ გავამთლიანებთ, პირიქით, ქართველთა ინტერესი უნდა იყოს, რომ მოხდეს კონსენსუსი აშშ–სა და რუსეთს შორის, საქართველოს საკითხთან მიმართებაში.
თუ საქართველო ოდესმე გაწევრიანდა რომელიმე სამხედრო - პოლიტიკურ ბლოკში, ეს უნდა იყოს ნატო, მაგრამ, თუ ნატოს წევრობა არ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაშინ, საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაგან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნატო-ს უნდა დავშორდეთ, პირიქით, თანამშრომლობა ნატო-სთან უნდა გაგრძელდეს და ნატო-რუსეთის საბჭოს თანამშრომლობის ფორმატში, საქართველომ შეიძლება მიაღწიოს სასურველ შედეგს. მითუმეტეს, რომ დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ - "ნატო-რუსეთის ურთიერთობაში საქართველოს საკითხი დაბრკოლებად არ უნდა იქცეს".
სააკაშვილის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა განცხადება, რომ – "საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ჯარების ყოფნა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას ვერ დააბრკოლებს", - ბადებს საფუძვლიან ეჭვს - ხომ არ ვარაუდობენ "ნაციონალები" საქართველოს ის ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება "შევიდეს" ნატო-ში, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალი, - რუსეთის "დაშლის შემდეგ შეიერთონ?!" ნატო-ში "ამდაგვარი გაწევრიანება", საქართველოს სამუდამოდ დააკარგვინებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შანსს ქართული სახელმწიფოს იურისდიქციაში. ხოლო, თუ მომავალში ნატო-ს წევრი საქართველო (უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ) მოინდომებს ძალისმიერი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თვით ნატო არ მისცემს ამაზე დასტურს და უფლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩიკაგოს ნატო–ს სამიტი საიმედოს არაფერს მოგვიტანს ამ კუთხით (დეოკუპაცია, გამთლიანება), პირიქით, ვშიშობ არ განმეორდეს 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის შემდეგ მომხდარი მოვლენების "მცირე რეციდივები".
საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ როგორ სტრატეგიას მიმართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჟურნალისტ ია ანთაძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, მას არ აქვს და ამ საკითხის გადასაწყვეტად, სწორად მიანიშნებს იმის აუცილებლობაზე, რომ გლობალურ პოლიტიკაში უნდა მოხდეს დიდი მოთამაშეების (აშშ, ევროკავშირი, რუსეთი) პოზიციების თანხვედრა, რის შედეგადაც საქართველო იპოვის თავის როლს. კითხვაზე, - ხომ არ გულისხმობს ეს საქართველოს მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას? - პასუხობს, რომ: "ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომ ვთქვა, ნეიტრალიტეტისთვის ვიბრძოლებ მეთქი, - ამის იმედი ნუ გვექნება..". აბსოლუტურად ვეთნხმები მას, რომ ქვეყნის ეკონომიკა სუსტია და სახელმწიფოც სუსტი გვაქვს, მაგრამ ეკონომიკა მოგვარებადი პრობლემაა, თუ ჩვენ გადავჭრით მთავარ საკითხს, ქვეყნის გამთლიანებას, რაც მოხსნის დაძაბულობას რუსეთთან და მოგვეცემა "ამოსუნთქვის საშუალება" და ეკონომიკური მაჩვენებლებიც აუცლებლად გაუმჯობესდება. აქედან გამომდინარე, - "ნეიტრალიტეტისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ", ბატონო ბიძინა, არამედ - საქართველოს გამთლიანებისთვი! აბა ისე, რა საჭიროა ნეიტრალიტეტი, თუ მისი მეშვეობით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვერ დავიბრუნეთ?! ამის მისაღწევად კი, ნეიტრალიტეტის, როგორც საშუალების და მეთოდის გამოყენება, ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოირიცხოს.
სწორედ ამას არ ითვალისწინებენ ნეიტრალიტეტზე უნდობლობით გამსჭვალული ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები. ეს არ გახლავთ ის ნეიტრალიტეტი, რომელიც ხშირად მაგალითად მოყავთ ამ იდეის მოწინააღმდეგეებს (არადა, თავად ვერაფერს გვთავაზობენ?!), მხედველობაში მაქვს, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ბოლშევიკურ რუსეთსა და მენშევიკურ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომელიც იყო ორმხრივი და არც საერთაშორისო გარანტორები ყავდა და არც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეყრდნობოდა (პირიქით, შეიცავდა ისეთ პუნქტებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ნეიტრალიტეტთან) ასევე, არ გამოდგება ამ იდეის საწინააღმდეგოდ მოლდოვას მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, რომელიც არ ავალდებულებს არაფრით არც რუსეთს და არც დასავლეთს. მე ვსაუბრობ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ ნეიტრალიტეტზე, რომლის გარანტორები იქნებიან - აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო. კარგად მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ფრთხილობს (მართალიც არის), ვინაიდან, ნეიტრალიტეტი, მოსკოვის შემოგდებული თემა იყო და მას პრორუსული ძალები ლობირებდნენ. სწორედ ამ "ლობისტებს" მივმართე ჩემს ერთ სტატიაში: " ბატონებო, თქვენ კარგად იცით, რომ კრემლს დიდი ხანია შემუშავებული აქვს საქართველოს "ნეიტრალიტეტის რუსული სცენარი", - ანუ, ნეიტრალიტეტის "რუსული ვერსია", რომლის შესახებაც თქვენ "ბავშვური გულუბრყვილობით" კითხულობთ - "რას ნიშნავს ეს რუსული ვარიანტი"?! საიდან მოიტანა ამ პოლიტოლოგმა"?! "რას ნიშნავს" ჩემო "მიამიტო" ბატონებო და მისი განხორციელება ნიშნავს შემდეგს: საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის იმიტაციას, ეროვნული თავისუფლების პროფანაციას, - სუვერენიტეტის დაკარგვას!". ამ თემაზე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სერიოზულად და ქვეყნის სასიკეთოდ არავინ დაფიქრებულა. ჩემი აზრით, საქართველოს დეოკუპაციის და გამთლიანების მაშველი ხაზი ნეიტრალიტეტზე გადის. მაგრამ, საქართველოს ნეიტრალიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური და ყოველმხრივ დაცული, თუ ის დაეფუძნება საერთაშორისო სამართალს და მას ეყოლება საერთაშორისო გარანტორები - აშშ, რუსეთი, ევროკავშირი, გაერო. რუსეთუმე ლობისტები კი, გამოირჩევიან ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკით და აცხადებენ, რომ მხოლოდ რუსეთი უნდა იყოს საქართველოს ნეიტრალიტეტის ერთადერთი გარანტორი.
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ჩიხური სიტუაცია იყო ავსტრიაში, სადაც მოლაპარაკებების შედეგად დასავლეთსა და სსრკ–ს შორის, მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ დეოკუპაციაზე, იმ პირობით, რომ ავსტრია გამოაცხადებდა ნეიტრალიტეტს. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ავსტრიაში, კერძოდ ვენაში, პირველები საბჭოთა ჯარები შევიდნენ, მაგრამ, ვინაიდან ავსტრიაში კომუნისტური პარტია ძალიან სუსტი იყო, მათ ვერ შეძლეს მარიონეტული სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა. სსრკ-ს მიერ ავსტრიის ოკუპაცია 1945 წლიდან 1955 წლამდე გაგრძელდა. რუსებმა ამერიკელებს წაუყენეს წინაპირობა, რომლის არსი ასეთი იყო, - რუსები ავსტრიიდან ჯარებს იმ შემთხვევაში გაიყვანდნენ, თუ პარალელურად, მოკავშირეებიც: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, დატოვებდნენ მათ მიერ დაკავებულ სექტორებს. შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც, - ავსტრიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, რომლის გარანტებიც ოთხივე მოკავშირე გახდა. 1955 წელს მოხდა ავსტრიის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის აქტის მიღება (იგი ახლაც ძალაშია), რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანონითაც (კონსტიტუცია) განისაზღვრა. ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ არის ნატო-ში. სხვათაშორის, იმდროინდელი ავსტრიის პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების დიდი უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ნეიტრალიტეტისა და ნატო-ს შექმნისას სურდათ ალიანსში შესვლა, მაგრამ, - მხოლოდ ნეიტრალიტეტის მიღება იძლეოდა ქვეყნის დეოკუპაციის საშუალებას და მათ ეს არჩევანი გააკეთეს. ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ავსტრიელები არ შემცდარან და მათ აიხდინეს - ავსტრიული ოცნება. ქართველებმაც ავსტრიელების სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, - უარი ვთქვათ ნატოში შესვლაზე, თუ ეს გადაწყვეტილება (შეთანხმება დასავლეთსა და რუსეთს შორის) უზრუნველყოფს საქართველოს დეოკუპაციას და გამთლიანებას, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეუვალობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ჩემი ძველი სტატიებიდან, - 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რომელიც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნეიტრალიტეტის საკითხებს და რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, - საქართველო აირიდებდა ომს, დანაწევრებასა და ოკუპაციას.
სეპარატისტულ ავტონომიებთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთი-ერთზე დარჩენა აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ვარიანტი არ შედის ქართულ ინტერესებში, მისი მიზანია აღუდგინოს რუსეთს დომინანტის როლი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (ნეიტრალიტეტის "რუსული ვარიანტი") .
2006 წ "კვირის ქრონიკა".
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, საჭიროა, ნეიტრალიტეტის იდეის გამოყენება, როგორც კომპრომისული გზის. ეს არ იქნება ის "ნეიტრალიტეტი", რასაც რუსეთის ელჩი კოვალენკო გვთავაზობდა, მისი წინადადება მიუღებელი იყო. რუსები ერთი–ერთზე გვიწვევდნენ მოლაპარაკებებზე, დასავლეთის გარეშე, ეს კი შელახავს საქართველოს სუვერენიტეტს და მოაქცევს მას რუსეთის გავლენის ქვეშ.
2007 წ. "კვირის პალიტრა" .
ბალტიის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია,ესტონეთი) ვახსენე და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბალტიის სახელმწიფოებს ნატო-ში შესვლისას არ ქონდათ ავტონომიური წარმონაქმნი თავის ტერიტორიებზე, რომლებიც ორიენტირებულები იქნებოდნენ რუსეთზე. ეს, რომ ასე ყოფილიყო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბალტიელები ნატოს წევრობის ფასად საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას არ დააყენებდნენ საფრთხის ქვეშ. გავიხსენოთ ფინეთის მაგალითი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, - ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ამის შედეგად დასავლეთიდან მიიღო დიდი ინვესტიციები და განვითარებული ეკონომიკა შექმნა. როგორც ნეიტრალურ ქვეყანას, რუსეთმა ფინეთს თავისი ბაზარი გაუხსნა (ფინური პროდუქცია დასავლეთში, – არაკონკურენტუნარიანი იყო). ამ გონივრული გადაწყვეტილების შედეგია, რომ დღეს ეს პატარა ქვეყანა მსოფლიოში უმდიდრესი სახელმწიფოა, ვფიქრობ, ეს ვარიანტი განხილვის ღირსი ნამდვილად არის.
2007 წ. "კვირის ქრონიკა".
"კოსოვოს პრეცედენტი", საქართველოს არ უტოვებს დიდ დროს ფიქრისთვის, ხვალ შეიძლება ყველაფერი გვიან იყოს. - "სანამ ურემი გადაბრუნდება", აუცილებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა წინადადებით მიმართოს აშშ–ს პრეზიდენტს ბუშს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მედვედევ-პუტინს, იმის თაობაზე, რომ ამერიკა და რუსეთი (ევროკავშირის და გაეროს მონაწილეობით) გახდნენ, საქართველოს ნეიტრალიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტები. - რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარება", ეს, რომ რუსეთს სურვილი ყოფილიყო, მაშინ, რუსეთი ამას განახორციელებდა 18 თებერვალს, ანუ, მეორე დღესვე, როცა დასავლეთმა "ცნო" კოსოვოს "დამოუკიდებლობა", როდესაც რუსეთი ძაბავს სიტუაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მას აქვს ერთი მიზანი, რომ ამით მოახდინოს ზემოქმედება თბილისზე, რათა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანობის იდეაზე. ხოლო, თუ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს ხელმძღვანელობის გადარწმუნება, ამ შემთხვევაში, რუსეთი ძალის გამოყენების მეშვეობით ჩამოაცილებს საქართველოს მის ისტორიულ პროვინციებს და "აღიარებს" აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობას".
2008 წლის მარტი - ივლისი, "სვობოდნაია გრუზია".
P.S. დასავლეთში კარგად ესმით, რომ რუსეთი არ შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სააკაშვილის წასვლის შემდეგაც, თუ არ იქნება მიღწეული კონსენსუსი ამ საკითხში დასავლეთს, რუსეთსა და საქართველოს ახალ ხელისუფლებას შორის. როდესაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს დასავლური კურსის ერთგულებაზე , სწორედაც რომ ასეთ "ევროპულ ფორმატში ჯდება ნეიტრალიტეტის ავსტრიული მოდელი", რომელსაც ამერიკელებიც და ევროპელებიც მოიწონებენ და რუსებსაც დაითანხმებენ ამ მოდელის განხორციელებაზე.
http://www.interpressnews.ge/ge/thvalsazrisi/201644-jumber-kirvalidze-saqarthvelos-deokupaciisa-da-gamthlianebis-strategia-avstriis-gamocdilebas-unda-daefudznos.html