საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საკვირაო ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ცურტავის ეპისკოპოსმა იაკობმა.
როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას ბრძანა, მალე დაიწყება შობის მარხვა, რაც თავშეკავების გარდა ცოდვების მონანიების პერიოდიც არის. უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და ეკლესიის, მოძღვრების დახმარებით დავიწყოთ იმ ნაკლოვანებების ამოძირკვა, რაც გვაქვს.
მეუფის თქმით, ბოლო პერიოდში მას რამდენჯერმე მოუწია გარკვეულ თემებზე შეხებამ, რამაც ადამიანების გარკვეულ წრეში გაღიზიანება გამოიწვია.„არ მინდა ვინმე გავაღიზიანო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მე არავისთან დამთმობი არ ვარ, რა რეგალიაც არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ, ქართველებს, სასულიერო პირებს და, მითუმეტეს, მღვდელმთავრებს, ზნეობრიობის დაცვა გვევალება და ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ერისთვის. შეშინებული მღვდელმთავარი რაღაცებზე თვალს რომ დახუჭავს, როგორი სანახავია?!“
მისი თქმით, სათქმელს მანამ იტყვიან, ვიდრე ზოგიერთებს გული არ გაულღვებათ. „ახლა აპირებენ დაპირისპირებას სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, პრესით და ტელევიზიით, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ სინანულზე და კონკრეტულ ცოდვებზე ვქადაგებთ, რადგან მრავალი ადამიანის სისხლი შეჰღაღადებს ზეცას. ხელის თითებზე ჩამოითვლება ამის თავი და თავი ადამიანები. რომ არა მათი აკვიატებული და კატეგორიული აზროვნება, საქართველო ამას ასცდებოდა. ამ სიტყვებს იქამდე მოისმენენ, ვიდრე არ შერცხვებათ და თავიანთ საქმეებს არ აღიარებენ. ჩვენ პრესით და ტელევიზიით გამოჭენების არ გვეშინია“, – აღნიშნა მეუფემ.
„ეპისკოპოსი ვარ, მაგრამ ვინ წამართვა საქართველოს მოქალაქეობა?! ამიტომ ვერც სიკვდილის შიში ან მუქარა, ვერც პრესით და ტელევიზიით სხვადასხვა გადაცემების კეთება უკან ვერ დაგვახევინებს. ყოველთვის შევახსენებთ, რომ შეინანონ. საბჭოთა მეთოდების დრო წავიდა, აღარ არის ანდროპოვის ეპოქა, რომ შემაშინონ. ვისაც აშინებდნენ, გააგრძელონ მათი დაშინება ასეთივე წარმატებით. მაგათი როგორ უნდა შემეშინდეს?!“, – ბრძანა მეუფე იაკობმა.
როგორც მეუფე იაკობი ბრძანებს, საქართველოს დიდი მომავალი აქვს. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ჩვენი ეკლესია დიდი პასუხისმგებლობით გრძნობით იყო აღვსილი, ყოველთვის ბევრს აკეთებდა ქვეყნისთვის და მღვდელმთავრებიც უნდა მოიქცნენ 100 ათასი მოწამისა და წმიდა გიორგის მსგავსად, რათა ღვთის წინაშე წარდგომისას არ შერცხვეთ, რომ რაღაცის გაკეთება შეეძლოთ და არ გააკეთეს.
„მოვუწოდებ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, ერის აბუჩად აგდებას თავი დაანებონ და თუ არ შეინანებენ, აღიარონ. ამით ისინი სხვებს დაიცავენ, რადგან მათ გამო ბევრი შიშის ქვეშ არის. შეიძლება მონანიების შედეგად ისე შეიცვალონ, რომ ქვეყანას ბევრი სასიკეთო რამ გაუკეთონ. არის რაღაც, რასაც თუ არ მოინანიებენ, არ დავუვიწყებთ და ადრე თუ გვიან პასუხსაც მოვთხოვთ. ქვეყნის ბედს ვიღაცების ხუშტურებს ვერ შევწირავთ. იცოდეთ, მე ერთი ვარ და შესაძლოა, დამემუქრო სიცოცხლის ხელყოფით, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ მარტო არ ვარ. რამდენი უნდა გაგვანადგუროთ?!“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.