საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქინფორმს ატყობინებს, ევროსასამართლოში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მერაბ რატიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანებიან. ისინი კიდევ ერთხელ წარადგენენ დასკვნას საქართველოს პარლამენტში მერაბ რატიშვილისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მერაბ რატიშვილი აღიარებულია პოლიტპატიმრად და შეყვანილია პოლიტპატიმართა სიაში, რადგან მისი დაპატიმრება უკავშირდება პოლიტიკურ აქტივობებს და ოპოზიციის მხარდაჭერას. მისი საქმე ორჯერ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რამდენჯერმე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში. მას პირადად შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი, რის შედეგადაც მისი საქმე აისახა 2011 წლის ივნისის ანგარიშში. მიუხედავად ამისა, ის დღემდე პატიმარია და სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში.
„გოლფის“ ასოციაციის პრეზიდენტ მერაბ რატიშვილის საქმე ევროპის სასამართლოში ჯერ კიდევ 2009 წლის ივნისში გაიგზავნა. რადგან „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ მიაჩნია, რომ რატიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მას დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და გამოხატვის თავისუფლება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლეს მერაბ რატიშვილის საქმე, რის შემდეგაც მისი საქმე პოლიტპატიმრების შესახებ დასკვნაში აისახა.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ წარადგენენ დასკვნას საქართველოს პარლამენტში მერაბ რატიშვილისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ.