რედაქტორისგან
გამოკითხულთა 97%-მა მხარი დაუჭირა საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობის აღდგენას

1-russia_georgia-pol1საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი – დედამიწა“ კულტურის სამინისტროში განცხადებას შეიტანს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვის მოთხოვნით. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს.

„ჩვენ ვაპირებთ, კულტურის სამინისტროში განცხადება შევიტანოთ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვის მოთხოვნით და დროებით ვწყვეტთ ამ მუზეუმის პიკეტირებას. თუ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, აქციას უკვე პირდაპირ სამინისტროს წინ დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაგვიჭერს მხარს“, – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა გვანცა ცოტაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „ჩვენი სახლი – დედამიწა“ – ხელმძღვანელმა ელგუჯა ხოდელმა, თავის მხრივ, გამოაცხადა მისი ორგანიზაციის მიერ თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში 7-დან 20 ნოემბრის ჩათვლით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

„გამოკითხვის მონაწილეებს სთავაზობდნენ, ეპასუხათ შეკითხვებზე: „გსურთ თუ არა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობა აღდგეს?“ და „გსურთ თუ არა, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაიხუროს?“. პირველ შეკითხვაზე 612-მა ადამიანმა უპასუხა, მეორეზე – 606-მა ადამიანმა“, – განაცხადა ხოდელმა.

მისი თქმით, „რესპონდენტთა 97%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობის აღდგენას, 2% წინააღმდეგი იყო, 1%-მა თავი შეიკავა“.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 80%-მა, ხოლო წინააღმდეგია 17%.

„მოსახლეობის უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი არსებობს. გვიწევდა, მათთვის აგვეხსნა და შემდეგ გვეკითხა აზრი ამგვარი მუზეუმის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ“, – აღნიშნა ხოდელმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „ჩვენი სახლი – დედამიწა“ – წევრებმა, აგრეთვე, განაცხადეს, რომ მათ ორგანიზაციას შეუერთდნენ საქართველოს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. ერთ-ერთმა მათგანმა, მანუჩარ წიტაშვილმა, რომელმაც 8 წელი იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და რუსეთთან ბრძოლებში მონაწილეობდა, მხარი დაუჭირა ამ ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას. „რუსები ჩვენს მტრებად არ უნდა მიგვაჩნდეს. სამწუხაროდ, ომმა მაჩვენა მხდალი მოხელეების სახე, რომლებმაც საქართველოს ომისკენ უბიძგეს, თვითონ კი საზღვარზე გადადიოდნენ და ქონების გადარჩენას ცდილობდნენ“, – განაცხადა წიტაშვილმა.

 

„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი