საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა ქვეყანაში სხვადასხვა მუხლით დაკავებული 180 კაცი პოლიტპატიმრად გამოაცხადა.
ამასთან, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს შესთავაზა, განიხილონ ბოლო ხანს ქვეყანაში დაკავებულ პირთა საქმეები, რადგან, მისი აზრით, მათგან ბევრი ადამიანი პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული.
აღნიშნული წინადადების პასუხად ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტს შეუძლია განიხილოს ყველა საქმე, მაგრამ ამისათვის საჭიროა შესაბამისი განცხადებები. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხილულ იქნა 220 საქმე, რისი ანგარიშიც პარლამენტს უახლოეს ხანებში წარედგინება.
მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, ქვეყანაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა დაკავებები დაიწყო, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებად მიიჩნევენ.