საზოგადოება
რუსული კინოს მესამე ფესტივალი თბილისში

1-kinofest-sazoo1საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით  თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველში“ 21-25 ნოემბერს რუსული კინოს მესამე ფესტივალიგაიმართება. ფესტივალის პრეზიდენტი, ცნობილი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება და მისი 85 წლის იუბილეც ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება.

ღონისძიების ორგანიზატორთა მონაცემებით, ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე რუსული კინოს 30-მდე საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ნამუშევარი. მათ შორისაა ფილმებიც, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.

ფესტივალს გახსნის რეჟისორ ავდოტია სმირონოვას ფილმი „კო-კო-კო“, რომელიც 2012 წელს „კინოტავრის“ კინოფესტივალზე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის დაჯილდოვდა. ფესტივალს დაასრულებს კინოფილმი „ღალატი“, რომლის რეჟისორიც კირილ სერებრიანიკოვია. თავად ფილმი ვენეციის 2012 წლის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილეა და, ასევე, ქალის საუკეთესო როლისთვის მოპოვებული აქვს აბუ-დაბის საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო.

თბილისში გამართული ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ალექსეი ბალაბანოვის ფილმების რეტროსპექტივა, აღინიშნება პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის – „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ – ეკრანებზე გამოსვლის 100 წლის იუბილე და მოხდება სოფიკო ჭიაურელის სახელობის სპეციალური პრიზის ტრადიციული გადაცემა „კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის“.

ფესტივალზე ჩამოვლენ ცნობილი რუსი კინორეჟისორები, პროდიუსერები, მსაიობები და კრიტიკოსები. მათ შორის, ალექსეი ბალაბანოვი, ანდრეი პროშკინი, ანდრეი სმირონოვი, ირაკლი კვირიკაძე, ანა მიხალკოვა და სხვები.