საზოგადოება
საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივებს სასამართლო რეფორმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ ელექტრონული დემოკრატიის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივების საბოლოო ვარიანტი მომავალ კვირას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას გაეგზავნება.შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 8 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლო რეფორმისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა ორი პაკეტის პროექტის პრეზენტაცია გამართა და საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელებს და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს მასზე ღია დისკუსია შესთავაზა.
„უკვე დღეისათვის, სამინიტროს ინიციატივას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოეხმაურნენ. საკუთარი შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის სამინისტროს წერილობით გადმოუგზავნეს. ამ ეტაპზე, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები დოკუმენტებს ეცნობიან, გაიმართება იუსტიციის საბჭოს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და სხვა დაინტერესებულ პირებთან მორიგი შეხვედრები, რის შემდეგაც ყველა გონივრული შენიშვნა და მოსაზრება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტში აისახება“, – განაცხადა ბარამიძემ.