საზოგადოება
ნორლანდი: „ნატოსთვის მნიშვნელოვანია, ვინ მართავს საქართველოს შეიარაღებული ძალებს“

1-richard-norlთბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველო პოლიტიკურად გარდამავალ პერიოდში იმყოფება და ამიტომ „შესაძლებელია, არჩევნებისთვის დამახასიათებელ რიტორიკას ჰქონდეს ადგილი“. ამის შესახებ ნორლანდმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ელჩის განმარტებით,  მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ადამიანის დაკავებისას პროცესი კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართოს.

ნორლანდის განმარტებით, საქართველოს მთავრობასთან გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. „ნატოსთვის მნიშნელოვანია, ვინ დგას საქართველოს შეიარაღებული ძალების სათავეში. მთავრობამ და პრეზიდენტმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რათა შერჩეული იყოს კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ გაართმევს თავს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა  და იქვე დასძინა, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აშშ ყურადღებით დააკვირდება.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის გამო ვინმემ პოლიტიკური ქულები არ ჩაიწეროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებამოსილება შეუწყვიტა და ეს პოსტი ამჟამად ვაკანტურია.