საზოგადოება
ნატოს გენმდივანი შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო

1-rasmus-sazogadoebaa1თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. „მე მხარს ვუჭერ არჩევნებსა და ხელისუფლების გადაბარებას, მაგრამ არ დავმალავ, ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა ხდება, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ნატო განაგრძობს საქართველოს ალიანსში გაწევრებისთვის მხარდაჭერას და არ აპირებს, ჩაერიოს სამართლებრივ საკითხებში, თუმცა, ნატოს გენმდივნის განმარტებით, „არსებობს სტანდარტები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ“.

„არ შეიძლება, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული იყოს“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა და იქვე დასძინა, რომ ამ მიმართულებით მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 14 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება, თუმცა მოუწევს თუ არა ამ თემაზე ნატოს გენმდივანთან საუბარი, ალბათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.